თანამშრომლების მენეჯმენტი – დავალებების მართვა


მენეჯერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა თანამშრომლებთან ურთიერთობა, მათი მართვა. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლების მართვის მთავარი იარაღი არის საქმეების სწორედ გადანაწილება და დელეგირება.

მენეჯერის ძირითადი ფუნქცია თანამშრომლებთან ურთიერთობისას შედგება სამი ძირითადი ეტაპისაგან:


1.დაგეგმვა. სწორი დაგეგმვა შესასრულებელი საქმის ნახევარია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქმეები სწორედ დაგეგმოთ. მენეჯერის ჩართულობა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია. ამოცანების დაგეგმვა უმჯობესია, რომ მოხდეს უშუალოდ თქვენს თანამშრომლებთან ერთად. მენეჯერმა უნდა დახარჯოს საკმარისი რაოდენობის დრო იმისათვის, რომ დაგეგმილი სამუშაოები იყოს მაქსიმალურად ზუსტი და კომპანიების მიზნებთან შესაბამისობაში. თქვენი, როგორც მენეჯერის მიზანი უნდა იყოს თქვენი თანამშრომლების გაზრდა იმისათვის, რომ მათ შემდგომში თვითონ შეძლონ სამუშაოების დაგეგმვა. მიეცით თანამშრომლებს მეტი თავისუფლება და მეტ სარგებელს მოიტანენ ისინი.

 

2.სამუშაოს შესრულების კონტროლი. ამოცანის შესრულების პროცესში მნიშვნელოვანია მენეჯერის ჩართულობა, ოღონდ ეს არ უნდა გადაიქცეს მკაცრ კონტროლად. ზოგიერთი მენეჯერი დღის განმავლობაში ხშირად ეკითხება სამუშაოს შესრულების მდგომარებას თავის დაქვემდებარებულს, რითაც აგრძნობინებს, რომ მას არ ენდობა, რაც თანამშრომლის სტრესს და დემოტივაციას იწვევს. შედეგად კი ეცემა შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ახალ თანამშრომელთან დელეგირების ხარისხი ,რა თქმა უნდა, დაბალი უნდა იყოს, თუმცა წარმატებული მენეჯერის მიზანია ეტაპობრივად გაზარდოს ნდობა და დელეგირების ხარისხი. სამუშაოს შესრულების ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელმა დამოუკიდებლად იმუშაოს, თუმცა თქვენ უნდა დადოთ შეთანხმება მასთან, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ჩაგაყენებთ საქმის კურსში. ამ შემთხვევაში მენეჯერი აუცილებლად უნდა ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში და გვერდით დაუდგეს საკუთარ თანამშრომელს იმისათვის, რომ დასახული ამოცანების შესრულება მოხდეს დროულად და ხარისხიანად. თქვენთან თანამშრომელმა უნდა იგრძნოს, რომ თქვენი სახით მზრუნველი უფროსი ჰყავს, რომლის ნდობა შესაძლებელია. თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს ისეთ მდგომარეობაში, როცა თანამშრომლები სანახევროდ აკეთებენ საკუთარ საქმეს იმიტომ, რომ თქვენი იმედი აქვთ. წინასწარ განსაზღვრეთ პერიოდულობა, შეხვდით თქვენს თანამშრომელს და განიხილეთ ამოცანის შესრულების მდგომარეობა ასევე, მიეცით რჩევები.

3.შესრულებული სამუშაოს შეფასება. თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაო უნდა შეფასდეს ობიექტურად. მას არ უნდა დარჩეს კითხვები შეფასებასთან დაკავშირებით. აუხსენით მის მიერ დაშვებული შეცდომები, მიეცით რჩევები იმისათვის, რომ მომავალში შეძლოს სამუშაოს შესრულების ხარისხის გაზრდა. იმისათვის, რომ თქვენი შეფასება იყოს ობიექტური, მნიშვნელოვანია სამუშაოს დელეგირება მოხდეს სწორად. თანამშრომელმა წინასწარ უნდა იცოდეს თუ რის მიხედვით მოხდება მისი შეფასება. ეს აგაცილებთ გაურკვევლობებს საქმის შეფასებისას. გააკეთეთ შესრულებული სამუშაოს შეფასების რეზიუმე. აუცილებლად აღნიშნეთ რა გაკეთდა კარგად და შეაქეთ ამის თაობაზე. ამავდროულად მასთან ერთად გააანალიზეთ დაშვებული შეცდომები. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ამოცანის შესრულებისას მიღებული გამოცდილება თქვენი თანამშრომლების მიერ სწორად იქნეს გამოყენებული.



დაიწყეთ ამ წესის გამოყენება დღეიდან. პირველი ამოცანის დასრულების შემდეგ დაინახავთ, თუ როგორ გაიზრდება თქვენი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი და მოტივაცია.

| გააზიარე
მოგწონთ?