თათბირების მართვა #2


ვაგრძელებთ თათბირების მართვის თემას. სპიკერმა უნდა დაიწყოს შეხვედრა ზოგადი საკითხებით, მისი მიზანი უნდა იყოს შექმნას კარგი განწყობა გუნდის წევრებს შორის. მეორე ეტაპზე ხელმძღვანელმა უნდა განიხილოს დღის წესრიგი და გადახედოს საკითხების პრიორიტეტებს თათბირის მონაწილეებთან ერთად. უშუალოდ საკითხების განხილვის დაწყებამდე აუცილებლად უნდა განისაზღვროს კონკრეტული ამოცანის მიზანი იმისათვის, რომ ყველა მონაწილე საბოლოო მიზანზე იყოს ორიენტირებული.

სპიკერის უმთავრესი ამოცანაა დანერგოს კომპანიაში მოსმენის კულტურა. თათბირის ყველა მონაწილემ უნდა მოუსმინოს სხვა ადამიანებს, დაელოდოს თავის რიგს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვას თავისი აზრი. ზოგადად მოსმენის კულტურა წარმატებული მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, თუმცა სამწუხაროდ ძალიან ბევრმა მენეჯერმა ამის შესახებ არაფერი იცის. თუ თქვენ ეს გამოგიცდიათ დამეთანხმებით, რომ საშინელებაა  როცა არ გისმენენ. ამიტომ თქვენც ნუ მოიქცევით ისე, რომ სხვა ადამიანმა იგრძნოს დისკომფორტი თქვენთან ურთიერთობისას.

სპიკერის მიზანია ყველა მონაწილე იყოს ჩართული საკითხის განხილვაში, ამიტომ მან სიტყვა უნდა მისცეს იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც ყველაზე ნაკლებად აქტიურობენ. უბრალოდ ჰკითხოს ყველაზე პასიურ მონაწილეებს რას ფიქრობენ ისინი ამ საკითხზე, ან ბოლოს გამოთქმულ მოსაზრებაზე და ა.შ.

რეკომენდირებულია, რომ სპიკერმა აკონტროლოს თათბირის მიმდევრობა იმ შემთხვევაში თუ დისკუსია სცდება საკითხს (რაც სამწუხაროდ საკმაოდ ხშირია), შეახსენოს საკითხის მიზანი და შეაწყვეტინოს არაპროდუქტიული დისკუსია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თათბირის ხელმძღვანელმა - სპიკერი უნდა იყოს ნეიტრალური საკითხის განხილვისას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელია და მისი აზრი ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია, ან მის მცდარ მოსაზრებას შეიძლება დაეთანხმონ სხვები მხოლოდ იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელია. ამიტომ სპიკერმა, ისევე როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, უნდა შეასრულოს „დირიჟორის“ ფუნქცია.

სპიკერმა უნდა დასვას შეკითხვები, შექმნას გადაწყვეტილების მიღებისას ალტერნატივები. ზოგადად სწორი გადაწყვეტილებისათვის პირველ ეტაპზე აუცილებელია ალტერნატივების ჩამოყალიბება. შემდეგ ეტაპზე უნდა  მოხდეს ალტერნატივის შეფასება სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. კიდევ ერთი კარგი იარაღი სპიკერის არსენალში არის კონტრ შეკითხვები. ისინი მნიშვნელოვანია დისკუსიის სიჯანსაღისათვის. სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია, რომ თათბირზე განხილულ იქნას საპირისპირო აზრიც. ზოგადად კარგია, როდესაც თათბირზე ესწრებიან ე.წ „ოპოზიციონერები“, რომლებიც ყველაფერს და ყოველთვის ეწინააღმდეგებიან, რაც ეხმარება გუნდს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

იხილეთ გაგრძელება

| გააზიარე
მოგწონთ?