როგორ გავარჩიოთ პროფესიონალი ტრენერები და კონსულტანტები არაპროფესიონალებისგან?


დღეს მე მსურს მოგცეთ ერთი საინტერესო რჩევა, რომელიც აგარიდებთ ზედმეტ დანახარჯებს, რომელსაც შეუძლია მიგაღებინოთ დროული და უფრო ეფექტური გადაწყვეტილება იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი კომპანიის უფრო სწრაფი განვითარება.

ამ შემთხვევაში მაქვს საუბარი გარე დამხმარე რესურსების, ტრენერების და კონსულტანტების დაქირავებაზე.

სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში საკმაოდ ბევრი არასრულყოფილი კონსულტანტი და ტრენერია, რომლებიც „თავს ასაღებენ“ მაღალი დონის პროფესიონალებად. მაგალითად, ჩვენს გუნდს ჰქონია შემთხვევა, როდესაც მივსულვართ და მოგვიყოლია ჩვენი მუშაობის მეთოდების შესახებ და პარალელი გაუვლიათ სხვა კონსულტანტებთან და ტრენერებთან, რომელთანაც აქამდე ჰქონდათ შეხება, გაოცებული დარჩენილან. საბოლოოდ მისულან იმ აზრამდე, რომ მათ უბრალოდ ტყუილად გადაუხდიათ ფული.

რატომ ხდება ეს ყველაფერი? საქმე იმაშია, რომ კონსულტანტებისა და ტრენერების სათანადოდ ლიცენზირება არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, ისინი ერთგვარი ბიზნესის ექიმები არიან. ხოლო ისევე, როგორც ექიმებს სჭირდებათ შესაბამისი გამოცდების ჩაბარება და ლიცენზიის მიღება, რომ აწარმოონ სამედიცინო საქმიანობა, ანალოგიურად უნდა იყოს კონსულტანტებისა და ტრენერების შემთხვევაში. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არასწორად უყურებს ამ საკითხს და ასე ვთქვათ „იბრალებს“ კონსულტანტობას.

როგორ გავარჩიოთ ასეთი ტიპის კონსულტანტები? მათ კომპეტენციაზე სრულად მეტყველებს მათი CV. აქ იგულისხმება, როგორც საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელის, ასევე უშუალოდ კონსულტანტების CV. სწორედ ის გასცემს ყველა შეკითხვას პასუხს.

რატომ არის ასე? იმისათვის, რომ გახდე კვალიფიცირებული კონსულტანტი ან ტრენერი, შესაბამის დარგში აუცილებლად უნდა გქონდეს სათანადო გამოცდილება. იმის გარდა, რომ წაიკითხო  რაიმე მასალა და მხოლოდ თეორიული ინფორმაცია გადასცე სხვა ადამიანებს, რაც ნაკლებად ეფექტური საშუალებაა, საჭიროა გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება, მინიმუმ საშუალო დონის კომპანიის უმაღლეს პოზიციაზე 3-5 წლიანი გამოცდილება.

როდესაც ასეთი ადამიანები მოვლენ თქვენს კომპანიაში, დაუსვით შეკითხვა, რა შედეგებს მიაღწიეს მათ არა მხოლოდ კლიენტებთან, არამედ საკუთარი მენეჯერული გამოცდილებით სხვადასხვა კომპანიებში მუშაობის დროს, რადგან თუ არ აქვთ სრული ბიზნეს პრაქტიკა, არ დაუწყიათ ნულიდან და არ ასულან კომპანიის ტოპ მენეჯერობამდე, მაშინ ასეთი ადამიანებისთვის თანხის გახადა უბრალოდ წყალში გადაყრილი ფულია.

დაფიქრდით, გაანალიზეთ, რა არის უკეთესი თქვენი კომპანიისთვის? რა თქმა უნდა, დამეთანხმებით, რომ  ყოველთვის უმჯობესია კვალიფიციურ ადამიანებთან საქმის დაჭერა ვიდრე მათთან, ვისაც უბრალოდ მხოლოდ თავი მოაქვს ასეთად. შესაბამისად, კარგად გამოიკვლიეთ მანამდე ყველა, ვისთანაც სამომავლოდ გადაწყვეტთ თანამშრომლობას.

| გააზიარე
მოგწონთ?