რა შედეგი მოაქვს თანამდებობის დასახელების სწორად შერჩევას


ნებისმიერი ლიდერი უნდა ზრუნავდეს თანამშრომლების მოტივაციაზე, რაც სხვადასხვა მეთოდებით არის შესაძლებელი. დღეს მსურს ვისაუბრო ერთ საინტერესო საკითხზე ამ მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია თანამდებობების დასახელებები და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, უმეტესობას ძალიან უყვარს ლამაზი ჟღერადობის სახელები. შესაბამისად, თქვენ, როგორც ხელმძღვანელმა, თანამდებობის შეცვლით შესაძლოა, სრულიად შეცვალოთ მათი განწყობა.

ამასთანავე, არებობენ თანამშრომლები, რომლებისთვისაც დიდ პრიორიტეტს სულაც არ წარმოადგენს რა ერქმევა მათ თანამდებობას, მაგრამ რადგან ისინი უმცირესობას შეადგენენ ამ კუთხით, მსურს მოგცეთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ გაზარდოთ მათი მოტივაცია, ვინც ამ დეტალს დიდ ყურადღებას აქცევს.

მაგალითისთვის ავიღოთ თანამშრომელი, რომლის თანამდებობასაც ჰქვია ბიზნესის განვითარების მენეჯერი და ფუნქციურად ის ასრულებს დირექტორის მოადგილის მოვალეობებს. შეგიძლიათ მას მარტივად დაარქვათ ერთ-ერთი მიმართულების დირექტორი და საერთოდ გენერალური დირექტორის მოადგილეც, რაც ძალიან აამაღლებს მის მოტივაციას.

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ როდესაც არჩევთ სახელებს, ეს უნდა იყოს მაქსიმალურად შესაბამისი თანამდებობასთან. მაგალითად, მე მინახავს ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობის სახელით მომუშავე ადამიანი, რომელიც გაყიდვების გუნდის მართვაზე იყო პასუხისმგებელი, რაც აბსოლუტურად არასწორია.

ეს ყველაფერი უფრო გასათვალისწინებელია საქართველოში, სადაც განსხვავებული მენტალიტეტია ამ მხრივ. არიან კომპანიები, სადაც პირობითად ერთი კომპანიის შესყიდვების მენეჯერის თანამდებობა, მეორე კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს უდრის. ეს განსხვავება თანამდებობების სახელებს შორის, გარკვეულ განსხვავებებს იწვევს მოტივაციის კუთხით.

ამ მხრივ გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამშრომელი, რომელსაც სავიზიტო ბარათზე საკმაოდ მაღალი თანამდებობა უწერია, გარკვეულ შთაბეჭილებას ახდენს შეხვედრებზე, სადაც ის მაღალი პოზიციით წარსდგება და ყველა სურვილისა და მოთხოვნის შესახებ შესაძლოა მოუყვნენ.

შესაბამისად, დროა გავითავისოთ, რომ თანამშრომლების მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველა შესაძლო ვარიანტით უნდა გავაკეთოთ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი უნდა იყოს მათთვის კარგად ჟღერადი თანამდებობების მინიჭება.

გააანალიზეთ მათი პოზიციები, ან საერთოდ, თავად ჰკითხეთ, რა სურთ. გაუკეთეთ ეს პატარა საჩუქარი მათ, რომელიც  თქვენთვის არანაირ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და ეს ყველაფერი საბოლოოდ, ისევ თქვენს კომპანიას მოუტანს კარგ შედეგებს.

 

| გააზიარე
მოგწონთ?