როგორ შევქმნათ უზრუნველი მომავალი?


დღევანდელ სტატიაში მსურს ვისაუბრო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი შემოსავლების გაზრდა, თუმცა ამავდროულად მსურს შევხედო ამ საკითხს განსხვავებულად და მინდა აღვნიშნო, რომ შემოსავლების გაზრდა ხარჯების შემცირებასთან არის დაკავშირებული.

მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში, მოგება, რომელიც გრჩებათ, სხვაობაა შემოსავლებსა და გასავლებს შორის. ეს არის ერთგვარი დანაზოგი. დანაზოგი კი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გააკეთოთ ბევრი რამ და იგრძნოთ თავი მშვიდად.

დღეს ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს კრედიტით დღიდან დღემდე და შედეგად ასეთი ადამიანები არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები, მათ არ შეუძლიათ არაფრის გაკეთება. ასეთი ადამიანები სამსახურშიც ვერ საუბრობენ თავისუფლად და თამამად არ გამოხატავენ თავიანთ აზრებს, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს თავიდან ბოლომდე კრედიტებით და მხოლოდ ყოველთვიურ შემოსავალს ეყრდნობა, ვერასდროს ვერ იქნება წარმატებული.

ყველა წარმატებულ ადამიანს აქვს ერთი მნიშვნელოვანი და საერთო თვისება. ეს არის დაზოგვის უნარი, რაც გულისხმობს ერთი შემოსავლიდან მეორე შემოსავლამდე თანხის დაზოგვას. შემდეგ კი ამ დანაზოგის ინვესტირებას.

ზოგადად, ცხოვრების სხადასხვა ეტაპზე ადამიანები განსხვავებული რამით არიან დაკავებულები. მაგალითად, ჯერ ხდებიან მენეჯერები, შემდეგ ბიზნესის მფლობელები და შემდეგ ინვესტორები, ამ ეტაპების გავლა კი რეალურად უწევს ყველა ადამიანს. მაშინ როდესაც ხართ დასაქმებული, შეგიძლიათ უკვე დაზოგოთ ფული იმისათვის, რომ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი, ხოლო მომავალში განახორციელოთ ინვესტიციები. მართალია საქართველოში არ არის ხელსაყრელი ადგილები ინვესტიციების განსახორციელებლად, მაგრამ მაინც შეიძლება პოვნა.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც გადაწყვეტ დაზოგო გარკეული თანხა, დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად გადაგივა ჩვევაში ეს ყველაფერი. თუ ადამიანი მფლანგველია, ძალიან რთულია რომ შეიცვალოს და გახდეს სხვანაირი. ჩვევების შეცვლა კი ხდება ნელ-ნელა და ახალი ჩვევა საბოლოოდ ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს.

შესაბამისად, კარგად დაფიქრდით როგორი მომავალი გსურთ, გქონდეთ. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველი მომავალი გინდათ, მაშინ დროა დღესვე დაიწყოთ დაზოგვა და შეგიძლიათ გადადოთ თქვენი შემოსავლების 5, 7, ან 10%.

დაზოგვის უნარი არის ის მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც გარანტია იმის, რომ მომავალში არ მოგიწევთ იყოთ ხელ-ფეხ შეკრული. თუ გსურთ, რომ გქონდეთ ბევრი ფული, სხვაგვარად არ გამოვა, ამისთვის უნდა დაიწყოთ დაზოგვა და აუცილებლად შეუერთდებით იმ წარმატებული ადამიანების რიგებს, ვინც მსგავსად მოიქცა თავის დროზე.

| გააზიარე
მოგწონთ?