შეიძლება თუ არა მოგების ზრდა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების გზით?


თანამშრომლების მოტივაცია რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ეს ყველამ იცის, თუმცა არ იციან ის, თუ რა ამოტივირებთ მათ რეალურად.

ზოგადად არსებობს ბევრი რამ, რამაც შეიძლება მათზე იმოქმედოს, უბრალოდ კარგად უნდა გვახსოვდეს, რას აკეთებს მოტივირებული თანამშრომელი?სეთი თანამშრომელი არის შედეგებზე უფრო მეტად ორიენტირებული, ლოიალური, მუდმივად კარგ განწყობაზე, იყურება უფრო შორს და დიდი მონდომებით აკეთებს საქმეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზაციისთვის.

აღსანიშნავია, რომ გარდა ფინანსური მოტივაციისა, არსებობს სხვადასხვა მოტივაციის ელემენტი. ერთ-ერთი ასეთი სამუშაო გარემოს შექმნაა. სამუშაო გარემო არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. არსებობს არაერთი კვლევა იმის შესახებ, თუ რას აქცევენ დიდ ყურადღებას თანამშრომლები კომპანიის შიგნით და ხშირად ყურადღება სწორედ გარემოზეა გამახვილებული.

დააკვირდით, როგორ გარემოში მუშაობენ თქვენი თანამშრომლები, როგორი აღჭურვილობა აქვთ მათ. მაგალითად, მე ვიცი ბევრი კომპანია, სადაც მუშაობენ 7-8 წლის კომპიუტერებით და თანამშრომლებს ეს ძალიან აწუხებთ. ასევე მნიშვნელობა ექცევა გარემოს, ნივთებს, ოფისს, ყველაფერს, რაც სჭირდებათ სამუშაო პროცესში.

პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, კომპანიებში, რომლებიც ჩემი მმართველობის ქვეშ ყოფილა, ყოველთვის ისე ვაყენებდი საკითხს, რომ უნდა გვქონოდა აუცილებლად ყველაფერი საუკეთესო, რათა კომფორტულად ემუშავათ თანამშრომლებს.

იმის გამო, რომ კომპანიაში სათანადო საშუალებები არ არის, თანამშრომლებს არ უნდა ეშლებოდეთ ხელი სამუშაოს შესრულებაში და ეს მუდმივ მიზეზად არ უნდა მოჰყავდეთ. მაგალითად, ამ დროს შეიძლება მათი მხრიდან იყოს ნათქვამი, რომ ვერ აგზავნიან დროულად რაიმე დოკუმენტს, არ აქვთ კომფორტული ოთახი, სკამი და ა.შ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე ბიზნესში, ბევრმა კომპანიამ, მათ შორის Google-მა შემოიტანა არასტანდარტული სამუშაო ოფისები, სადაც ჩვეულებრივ მაგიდა და სკამებთან ერთად, არის სხვა საინტერესო ადგილი, სადაც შეგიძლია საკმაოდ პროდუქტიულად იმუშაო.

სამუშაო გარემოზე ფიქრისას, ჰკითხეთ თანამშრომლებს, როგორ მოწყობას ანიჭებენ უპირატესობას, რამდენად მოსწონთ თანამედროვე, თუნდაც Google-ს მიერ შემოტანილი ტენდენციები. გაითვალისწინეთ მათი სურვილები და ამის მიხედვით შეიტანეთ ცვლილებები.

დაფიქრდით კარგად, იზრუნეთ თქვენს თანამშრომლებზე, შეუქმენით მათ გარემო, სადაც თავს სასიამოვნოდ იგრძნობენ. გაითვალისწინეთ ყველა დეტალი, რადგან ეს ყველაფერი თქვენი თანამშრომლების პროდუქტიულობის ამაღლებაზე იმოქმედებს, რაც საბოლოო ჯამში, ისევ თქვენს კომპანიას მოუტანს ძალიან კარგ შედეგებს.

| გააზიარე
მოგწონთ?