როგორ გავაგრძელოთ წინსვლა, როცა გამოსავალს ვერ ვხედავთ


ცხოვრებაში ზოგჯერ არის  ისეთი მომენტები, როდესაც ხვდები, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გინდოდა წასულიყო და იწყებ ნერვიულობას. ზოგჯერ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ფიქრობ, რომ მომავალში შეიძლება კიდევ გაუარესდეს ვითარება და არანაირი გამოსწორების გზები, არც მეტი შემოსავლების მიღების შესაძლებლობები არ არსებობს.

სწორედ ამ დროს იწყება დეპრესიული სიტუაცია, როდესაც ძალიან ნერვიულობთ, ფიქრობთ დაშვებულ შეცდომებზე, განიხილავთ ათას ვარიანტს, რა შეიძლება ყოფილიყო სხვაგვარად წარსულში, მომავალზე კი მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ფიქრობთ და  მის უარესს სურათს ქმნით გონებაში.

ამ დროს ადამიანი ვარდება უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ სიტუაციაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი ლიდერი და სხვებისთვის მისაბაძი ადამიანია, მისი ასეთი განწყობა მთელი გუნდისთვის გადამდები ხდება.

თუ თქვენ გქონიათ ასეთი შემთხვევა ან ახლა ხართ ასეთ ვითარებაში, მინდა მოგცეთ მარტივი რჩევა - უბრალოდ იფიქრეთ გამოსავალზე. ნუ აჰყვებით ემოციებს, ნუ ფიქრობთ მხოლოდ უარესზე. პირიქით, იყავით დარწმუნებული, რომ თქვენი სიტუაცია გამოსწორდება, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გახდება გაცილებით სტაბილური და გექნებათ მეტი შემოსავლების მიღების შესაძლებლობები.

ფოკუსირდით მთელი თქვენი ცოდნით, გამოცდილებით და ენერგიით  იმ მთავარ პრობლემაზე, რომელიც თქვენ ამ მომენტში გაწუხებთ, მაგრამ არა პრობლემის თვალსაზრისით, არამედ მისი შეცვლის მიმართულებით.

იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ ყველაფრის უკეთესად გაკეთება და შემდეგ მთელი ძალები მასზე მიმართეთ. როდესაც გაქვთ კონკრეტული მიზანი, მოქმედება ყოველთვის უფრო მეტ აზრს იძენს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ იცით, არის თუ არა ეს მიზანი ის, რაც სიტუაციას გამოასწორებს, მაშინ სხვაგვარად მიუდექით ამ საკითხს და პირველ რიგში განსაზღვრეთ ის.

გახსოვდეთ, საბოლოო ჯამში, მთავარი მაინც ფოკუსირება და ბრძოლაა დასახული მიზნისკენ. დიახ, ბრძოლა აუცილებლად დაგჭირდებათ, რადგან ცხოვრება არავისთვისაა მარტივი, არც იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარი ბიზნესი შექმნეს, ქმნიან ან სხვების გადმოსახედიდან კარგი თანამდებობები უკავიათ, ან თუნდაც მათთვის, ვისაც პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ქვეყნის განვითარებაზე.

ცხოვრება არასდროს იქნება უფრო მარტივი, თქვენ უნდა ისწავლოთ დაბრკოლებების მარტივად გადალახვა და ამ ყველაფრის ფონზე უფრო გაძლიერდეთ. იმ შემთხვევაში კი, თუ ირწმუნებთ, რომ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია და მზად იქნებით გადადგათ ნაბიჯები ახალი მიზნისკენ, აუცილებლად მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე.

 

| გააზიარე
მოგწონთ?