როგორ შეუძლია მარკეტინგის სწორ ფუნქციას კომპანიის მომგებიანობის გაზრდა


დღეს მინდა ვისაუბრო ერთ საინტერესო თემაზე, რომელიც გვეხმარება უფრო სწორად დავალაგოთ კომპანიის სტრუქტურა, კომპანიის რგოლები, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება კომპანიის შედეგებზე. ისინი, ვინც ამ საკითხს უფრო ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ხედავენ, რომ ეს გარდაქმნა ავტომატურად იწვევს მოგების ზრდას, რაც, რა თქმა უნდა, ყველა წარმატებული კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საუბარი მაქვს მარკეტინგულ ფუნქციაზე, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ძალიან ბევრ არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო კომპანიებშიც არასწორად არის გააზრებული.

დღესდღეობით მარკეტინგის განყოფილების ფუნქციები ძირითადად შემოიფარგლება რეკლამით. როდესაც კომპანია აკეთებს გარკვეული ტიპის აქციას ან პრომოუშენს, ამ ყველაფრის შეფუთვა და კლიენტამდე მიტანა ხდება მარკეტინგის საშუალებით. შესაბამისად მარკეტინგი პასუხისმგებელია მომხმარებლამდე მიიტანოს ინფორმაცია, მაგრამ როდესაც ისმება კითხვა, როგორი ტიპის შეთავაზება გავუკეთოთ მომხმარებელს, ამაზე პასუხისმგებელია შესყიდვების, გაყიდვების ან კომერციული დეპარტამენტი. თუ არის საუბარი როგორ მოვემსახუროთ მომხმარებლებს და რა დამატებითი პროდუქტები შევთავაზოთ, პასუხად ვიღებთ, რომ ამაზე პასუხისმგებელია პროდუქტების განვითარების მიმართულება. რა დავახვედროთ კლიენტს, როდესაც ჩვენ ოფისში შემოდის, ამაზე შესყიდვების სამსახურს უწევს ფიქრი, ხოლო რაც შეეხება შესაბამის თანამშრომლებს, HR დეპარტამენტი ზრუნავს ამ საკითხზე.

ეს ფუნქციები ყველა დეპარტამენტს შორის არის დანაწილებული, როცა რეალურად იქ, სადაც ხდება თანაკვეთა, შეხების წერტილი კლიენტსა და კომპანიას შორის, უნდა იყოს პასუხისმგებელი ერთი რგოლი - მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტი. (იმის გათვალისწინებით, რომ მარკეტინგის სახელი ხშირად არასწორად არის ინტერპრეტირებული)

დაფიქრდით, როგორ ხდება თქვენს კომპანიაში? იმ შემთხვევაში, თუ ეს ფუნქციები დანაწევრებულია, თქვენ სტრუქტურულად ქმნით გარკვეული ტიპის პრობლემებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადაიზრდება იმაში, რომ თოთოეული დეპარტამენტი სუბიექტურად იღებს გადაწყვეტილებებს და არ ფიქრობს საბოლოო შედეგზე.

თანამედროვე ბიზნესში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი კლიენტებთან ურთიერთობაზე, ვინ ზრუნავს მათ ბედნიერებაზე, ინფორმირებულობაზე და საბოლოო ჯამში, მათი ლოიალურობის გაზრდაზე. შეიძლება უშუალოდ მარკეტინგის დეპარტამენტი არ დაარქვათ მას და ჰქონდეს სხვა სახელი,  თუმცა მთავარია, რომ კომპანიაში გყავდეთ ერთი რგოლი, რომელიც შუამავალი იქნება თქვენსა და კლიენტებს შორის და იქნება ყველა მსგავს საკითხზე პასუხისმგებელი. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ერთ ასეთ ცვლილებას  შეუძლია მოკლე დროში გაზარდოს თქვენი კომპანიის მომგებიანობა.

| გააზიარე
მოგწონთ?