კომპანიის მოგების ზრდა ახალ იდეებზე ფოკუსირების საშუალებით


დღეს მე მოგიყვებით ერთი საინტერესო იდეის შესახებ, რომელსაც შეუძლია მკაფიოდ შეცვალოს თქვენი კომპანიის მდგომარეობა და გაზარდოს მისი მოგება.

ქართულ კომპანიებზე დაკვირვებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მათ ძირითადად აქვთ ერთი და იგივე ტიპის პრობლემა, ისინი არ აქცევენ ყურადღებას ახალ იდეებს. შესაბამისად, კომპანიაში მდორედ მიდის სიტუაცია, თანამშრომლები არ არიან მოტივირებულები და არ ფიქრობენ, თუ რა შეიძლება შეცვალონ და გააუმჯობესონ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.

როდესაც კომპანიაში მხოლოდ ერთი ადამიანი ფიქრობს ინოვაციებზე და ახალ შესაძლებლობებზე, ეს არ არის იმდენად ეფექტური, რადგან მხოლოდ ერთი გონება ვერ გაწვდება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც აუცილებელია კომპანიის განვითარებისთვის.

თანამედროვე კომპანიებში, აუცილებელია, რომ ყველა ზრუნავდეს სიახლეებზე და თითოეული თანამშრომელი ჩაერთოს იდეებიის გენერაციის პროცესში. ისინი უნდა ფიქრობდნენ კომპანიის სამომავლო პერსპექტივებზე, შესაძლო განვითარებაზე და უფრო მეტიც, მათ უნდა ჰქონდეს სტიმული და მოტივაცია, რომ მოიფიქრონ ან შექმნან რაიმე ახალი.

რეალურად, შესაძლოა ისიც, რომ წლის განმავლობაში თანამშრომლების მიერ მოფიქრებული იდეებიდან 98% სრულიად უსარგებლო აღმოჩნდეს, თუმცა ის 2% იყოს იმდენად საინტერესო, რომ მათი დანერგვის შემთხვევაში კომპანიამ საკმაოდ კარგი მოგება მიიღოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბიზნესში ბევრი რამ სისწრაფეზეა დამოკიდებული, რადგან რაც უფრო მალე მიიღებ გადაწყვეტილებას და სხვებზე ადრე დაიწყებ რაიმეს კეთებას, ხშირ შემთხვევაში ეს დამატებითი მოგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

როგორ გააკეთოთ ეს ყველაფერი? ამისთვის შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ იდეების კლუბი, გააწევრიანოთ ძირითადად ის თანამშრომლები, რომლებსაც ხშირად აქვთ იდეები და ინიციატივით გამოდიან, შემდეგ კი ეცადეთ, მუდმივად ჩაატაროთ შეხვედრები, იქნება ეს თვეში თუ კვარტალში ერთხელ და რაც მთავარია, განიხილეთ საინტერესო იდეები, რომლებიც უჩნდებათ თანამშრომლებს კლიენტებთან, მომწოდებლებთან თუ კონკურენტებთან ურთიერთობისას.

იზრუნეთ იდეების კლუბის წევრთა მოტივაციის ამაღლებაზე, მიეცით მათ სტიმული, თუნდაც დაუნიშნეთ პრემიები. ცნობილი მეთოდების თანახმად, თქვენ შეგიძლიათ ახალი იდეის განხორციელების შედეგად მოტანილი მოგების 10% გადაუნაწილოთ ამ იდეის ავტორებს, ხოლო თუ იდეა ხარჯების შემცირებას ეხება, შემცირებული ხარჯების 10%-ის გადანაწილება შეგიძლიათ შესაბამის ჯგუფზე.

საბოლოო ჯამში, ამ მეთოდების დანერგვით მოგებული დარჩება ყველა, რადგან კომპანია მიიღებს გაზრდილ მოგებას, ხოლო თანამშრომლები იქნებიან საკმაოდ მოტივირებულნი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი წლის შემდეგ დაიმსახურებენ შესაბამის პრემიებსა და შექებას.

| გააზიარე
მოგწონთ?