როგორ დავაწინაუროთ სწორად თანამშრომელი?


ადამიანების დაწინაურების საკითხი სხვადასხვა კომპანიაში საკმაოდ გლობალური თემაა და ამაზე შეიძლება ბევრი საუბარი თუ კამათი, თუმცა დღეს მე მსურს შევეხო ერთ მთავარ იდეას და მინდა გირჩიოთ, თუ როგორ შეარჩიოთ თანამშრომელი დასაწინაურებლად.

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანების დაწინაურება ხდება პირადი ნაცნობობიდან გამომდინარე, კიდევ ვხვდებით სხვა სახის დაწინაურებას, როდესაც ადამიანს შედეგების საფუძველზე აწინაურებენ.

თითქოს ერთი შეხედვით ეს სწორი გადაწყვეტილებაა და მენეჯერები ფიქრობენ, რომ ასე შერჩეული კადრი, რომელიც  ინდივიდუალურად ყოველთვის მაღალ შედეგებს დებს, ხელმძღვანელად დანიშვნის შემთხვევაში შეძლებს, შეკრას გუნდი, რომელიც გაცილებით უფრო კარგ მაჩვენებლებს მიიღებს.

რეალურად, ასეთი მოსაზრება მცდარია და კომპანიები კარგავენ ძალიან დიდ შემოსავლებს იმიტომ, რომ აწინაურებენ ადამიანებს, რომლებიც არ არიან შესაფერისები და არც მზად არიან ამ ყველაფრისთვის.

მოდით შევხედოთ ამ საკითხს სხვა კუთხით. რა უნდა გავაკეთოთ მანამ, სანამ ადამიანს დავაწინაურებთ და ჩავაბარებთ კონკრეტულ ჯგუფს? მაგალითად, თუ პირობითად საუბარია გაყიდვების კარგ წარმომადგენელზე, რომელსაც ინდივიდუალურად ყოველთვის კარგი მაჩვენებლები ჰქონდა და ახლა აპირებთ, რომ ის მენეჯერი გახდეს, საჭიროა, რომ ის მოამზადოთ კარგად ამ პასუხისმგებლობისთვის.

როდესაც ადამიანი ხდება ხელმძღვანელი, ის ამავდროულად უნდა იყოს კარგი ლიდერი, კარგი ქოუჩი თავისი გუნდისთვის, ხოლო როდესაც სწრაფად ხდება დაწინაურება, ხშირად სეილსმენები ისევ თავად დადიან კლინტებთან მოლაპარაკებებზე, დებენ კონტრაქტებს ზრუნავეს საკუთარ შედეგებზე და ავიწყდებათ თავიანთი გუნდის წევრები.

მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ნამდვილი ლიდერი არის ის, ვის გუნდსაც შეუძლია დადოს მაღალი დონის შედეგები. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რამდენად შეუძლია იმ ადამიანს, რომლის დაწინაურებასაც აპირებთ, უხელმძღვანელოს გუნდს ისე, რომ ყველამ  ერთად მიიღოს სასურველი შედეგები. დაფიქრდით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

მე არ ვამბობ, რომ კარგი შედეგების სეილსმენი შეიძლება იყოს ცუდი ლიდერი, თუმცა ამის ალბათობა არსებობს და საჭიროა, კარგად მოამზადოთ ის, ასწავლოთ სწორი მიდგომები, რომ კარგად უხელმძღვანელოს თავის ახლად შექმნილ გუნდს.

იმ შემთხვევაში თუ ამ პრინციპებს დანერგავთ, გაიზრდება ალბათობა იმისა, რომ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახლად დაწინაურებული ხელმძღვანელი იქნება გამართლებული. შესაბამისად, თქვენს კომპანიას ეყოლება კიდევ ერთი ძლიერი გუნდი ნამდვილი ლიდერით, ნაცვლად მხოლოდ საკუთარ შედეგებზე ორიენტირებული ადამიანისა, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან კარგად აისახება თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზე.

 

| გააზიარე
მოგწონთ?