როგორ ვიმუშაოთ გუნდში?


ამ სტატიაში მსურს შევეხო კიდევ ერთ საკმაოდ აქტუალურ საკითხს, გუნდში მუშაობის წესებს. ბევრ სხვადასხვა კომპანიასთან მქონია შეხება და სამწუხაროდ შემიძლია გითხრათ, რომ უმეტესი კომპანიის გუნდში არის გარკვეული პრობლემები. თანამშრომლები ცდილობენ, რომ „წაკბინონ“ ერთმანეთს, ცდილობენ რომ ერთმანეთზე გააძლიერონ ზეგავლენა, ცდილობენ, რომ საქმეები თვითონ არ გააკეთონ (იმ მოტივით, რომ კონკრეტული საქმის კეთება არ მიაჩნიათ საკუთარ ფუნქციად) და „შეტენონ“ სხვას. არის ელემენტარული პრობლემები ურთიერთობისას, როცა გუნდის წევრები შეგნებულად აკეთებენ გარკვეულ ქმედებებს იმისათვის, რომ აწყენინონ სხვებს. გუნდში მუშაობის დროს ხშირად გვხვდება ისეთი პრობლემებიც, როდესაც თანამშრომლებს არ სურთ დაეხმარონ კოლეგებს. ალბათ ყველას გქონიათ ესეთი შემთხვევა სამსახურში. მოდი გავაანალიზოთ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თქვენ არ შეგექმნათ მსგავსი პრობლემები.

წესი N1 მდგომარეობს იმაში, რომ სხვებს უნდა მოეპყრათ ისე, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგეპყრონ სხვები. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თუ თქვენ გინდათ არ იჭორაონ თქვენზე სამსახურში, ესეიგი თქვენც უნდა გამორიცხოთ იგივეს ჩადენა სხვასთან მიმართებაში. თუ თქვენ გინდათ, რომ პატივი გცენ სამსახურში, იგივე უნდა გააკეთოთ თქვენც და ა.შ. ყველაზე დიდი პრობლემა გუნდში შეგექმნებათ ძირითადად ორ შემთხვევაში, როდესაც თქვენი ურთიერთობა სხვებთან არის ძალიან ოფიციალური (არ ვგულისხმობ იმ შემთხვევას, როცა თქვენ უფროსი ხართ, ამ სტატიაში საუბარი არის თანაბარი დონის თანამშრომლებზე) ან ძალიან მეგობრული. დაიმახსოვრეთ, რომ სამსახურში მეგობრობა არ შეიძლება მაშინაც კი თუ თქვენს გვერდით თქვენი ბავშვობის მეგობარი მუშაობს. მეგობრობა დასაშვებია მხოლოდ 7 სთ-ის შემდეგ, ეს წესი უნდა იცოდეს ყველამ და უნდა წარმოადგენდეს თქვენს სერიოზულ არგუმენტს, ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ სამსახურეობრივი საკითხების გადაწყვეტა უნდა მოხდეს მენეჯერულად, ბიზნეს ლოგიკიდან გამომდინარე. აუცილებელია ურთიერთობების ამ წესით დარეგულირება სამსახურში. მეორე უკიდურესობას წარმოადგენს ზედმეტად ოფიციალური ურთიერთობები, ამ შემთხვევაში მეორე ადამიანს მარტივად შეუძლია მოგექცეთ ზედმეტად მკაცრად, უხეშად, არასამართლიანად ან უბრალოდ გატკინოთ გული. ესეთი ადამიანებიც ხშირად გვხდებიან და ასეთ ქცევას იყენებენ ძირითადად სხვებზე გავლენის და საკუთარი ავტორიტეტის გასაძლიერებლად. ასეთ ადამიანებთან გაგიჭირდებათ კარგ სამსახურეობრივ ურთიერთობაში შესვლა (არც მეგობარი და არც ძალიან უცხო ადამიანი) მათთან გექნებათ მხოლოდ ბიზნეს ურთიერთობები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ურთიერთობები უნდა იყოს მაქსიმალურად პროფესიონალური. მეორე მხარე ვერასოდეს მოგექცევათ ცუდად იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იქნებით თქვენი საქმის პროფესიონალი და თქვენზე დავალებულ ამოცანებს წარმატებით გაართმევთ თავს. ასეთ შემთხვევაში ამ კატეგორიის ადამიანებთანაც დაზღვეული იქნებით პრობლემების შექმნისგან.

და ბოლოს, იყავით საკუთარ მიზნებზე ორიენტირებული და შეეცადეთ ყველა საკითხს მიუდგეთ სამართლიანად. გახსოვდეთ, ხანდახან შეცდომებს თქვენც უშვებთ და უნდა ისწავლოთ, როგორც მათი აღიარება, ასევე შემდგომში გამოსწორება.

| გააზიარე
მოგწონთ?