4 კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენს კლიენტებს


თანამედროვე ბიზნესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რა ინფორმაციას აგროვებ შენი მომხმარებლებისგან, თუმცა სამწუხაროდ ბევრი ქართველი ბიზნესმენი ამ საკითხს ყურადღებას არ აქცევს. დღეს კი ისინი არიან საბოლოოდ გამარჯვებულები, ვინც ამ მიმართულებით ინტერესს იჩენენ.

არის მოსაზრება, რომ ინფორმაცია ბაზარზე არსებული მდგომარეობის, კონკურენტების, მომხმარებლების შესახებ აუცილებლად უნდა იყოს მოძიებული სხვადასხვა წყაროების საშუალებით. კარგი წყაროა არსებული კლიენტების კვლევა, უკუკავშირები, კონკურენტი კომპანიების თანამშრომლები ან მათი სარეკლამო აქტივობა, მისტიური მყიდველი და ა.შ. თუმცა ამის გარდა არის კიდევ ერთი საინტერესო მიდგომა, რომელზეც დღეს მსურს გავამახვილო ყურადღება. ეს არის შეკითხვების დასმა საკუთარი კლიენტებისთვის. ეს მეთოდი გამოიყენება B2B ურთიერთობის დროს, როდესაც სხვადასხვა ბიზნესი ერთმანეთს ელაპარაკება და ამ დროს არსებობს 4 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვა შენს არსებულ ან პოტენციურ კლიენტს.

1. ,,როგორ ხარ?“ - ეს შეკითხვა გულისხმობს, რომ პირველი რიგში უნდა მოიკითხოთ თქვენი კლიენტი.

2. ,,რა ხდება შენს ინდუსტრიაში?“ - ეს შეკითხვა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მიიღოთ როგორც გარკვეული ინფორმაცია, ასევე მოიპოვოთ კლიენტების კეთილგანწყობა, რადგან მათ ყოველთვის სიამოვნებთ, როდესაც მათი საქმეებით ინტერესდებით. საუბარი მაქვს როგორც არსებულ კლიენტზე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, ასევე მასზე, რომელიც არ არის ამჯერად ჩვენი კლიენტი, თუმცა აუცილებლად გახდება მომავალში.

3. ,,რამე ხომ არ იცი ჩემი კონკურენტების შესახებ?“ - მას შემდეგ რაც ისაუბრებთ კლიენტის ინდუსტრიის შესახებ, დროა დასვათ კითხვები იმისათვის, რომ გააანალიზოთ, რა მდგომარეობაა თქვენი ინდუსტრიის ირგვლივ. ამ დროს შესაძლებელია მიიღო ძალიან საინტერესო ინფორმაცია კონკურენტების ქცევის შესახებ და ეს შეიძლება იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან თქვენ ინფორმაციას იღებთ კლიენტისგან, რომელსაც თქვენი კონკურენტები რაღაცას დაპირდნენ, რაც საკმაოდ ღირებულია.

4. ,,როგორ მუშაობს ჩვენი კომპანია?“ - ეს შეკითხვა აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენს კლიენტებს პირისპირ ურთიერთობისას. გამოიყენეთ ყველა შანსი კლიენტთან ურთიერთობის დროს, რათა მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და უკუკავშირი, თუ რას ფიქრობენ ისინი თქვენი კომპანიის საქმიანობაზე.

 

მოცემული კითხვები მოგცემთ საშუალებას გააანალიზოთ ბევრი ფაქტორი და დაფიქრდეთ, არის თუ არა რაიმე მიდგომა შესაცვლელი, გასაუმჯობესებელი და უკეთესად დაგეგმოთ მომავალი საქმიანობა კლიენტებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ყოველთვის გქონდეთ სათანადო ინფორმაცია, შეინარჩუნოთ კონკურენტული უპირატესობა და ერთი ნაბიჯით წინ იყოთ კონკურენტებთან მიმართებაში, რაც საბოლოო ჯამში, აუცილებლად აისახება თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზე.

| გააზიარე
მოგწონთ?