შენიშვნის/შექების სწორად გაკეთების წესები


სამწუხაროდ ხელმძღვანელების უმეტესობამ არ იცის როგორ უნდა მართოს ადამიანები. პირადად არაერთხელ შევსწრებივარ შემთხვევებს, როდესაც სხვების თანდასწრებით ხდება თანამშრომლებისათვის შენიშვნის მიცემა, დამცირება. სამწუხაროდ არის ბევრი უფროსი, რომლებმაც ელემენტარულად არ იციან მადლობის გადახდა, შექებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.  ასეთი დამოკიდებულება თანამშრომლებთან იწვევს მათ სტრესს, რაც ამცირებს თანამშრომლების მუშაობის ნაყოფიერებას და სურვილს მიაღწიონ შედეგებს. კომპანია ვერ შეძლებს გახდეს წარმატებული თუ ამ კომპანიას ხელმძღვანელები შიშით და სიმკაცრით მართავენ.

წარმატებულ კომპანიაში თანამშრომლების მართვა ხდება ლიდერობის უნარ-ჩვევების საშუალებით, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს კარგ დამოკიდებულებას საკუთარ თანამშრომლებთან. არ შეიძლება, რომ თანამშრომელი უბრალოდ გაუშვათ სამსახურიდან იმ მიზეზის გამო, რომ ის ვერ აკეთებს საქმეს. იქამდე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოთ და გააანალიზოთ რამდენად დაეხმარეთ მას საქმის სწორედ გაკეთებაში, რამდენად ასწავლეთ მას ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. კომპანია ხომ მისი თანამშრომლებია, შესაბამისად თითოეული თანამშრომლის მოტივაცია და მონდომება მნიშვნელოვანია საერთო წარმატების საქმეში.

თანამშრომლებთან ურთიერთობაში არსებობს უმარტივესი წესი - “უბრალოდ უნდა იყოთ სამართლიანი”. სანამ დაელაპარაკებით თანამშრომელს და მისცემთ შენიშვნას წინასწარ გააანალიზეთ ამ ყველაფრის განხორციელების ფორმა, ტონი, ადგილი და დრო. დააყენეთ საკუთარი თავი თანამშრომლის ადგილას და დაფიქრდით თქვენთვის როგორი ფორმით იქნება ეს მისაღები. ზოგადად საკუთარი თავის სხვის ადგილას დაყენება საკმაოდ კარგი თვისებაა და ხშირად სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება.

თანამშრომლისათვის შენიშვნის მიცემისას არასდროს არ გააკეთოთ ეს წერილობით, ან სხვების თანდასწრებით. ორივე შემთხვევაში თანამშრომლისათვის ასეთი ფორმით მიღებული შენიშვნა იქნება განსაკუთრებით მტკივნეული და საწყენი. სხვების თანდასწრებით მიღებული შენიშვნა დამცირების ტოლფასია, რაც ყოველთვის ცუდად მოქმედებს ადამიანებზე.

წერილობით მიღებული შენიშვნის შემთხვევაში, ბუნებრივად რთული გასაგებია წერილის ტონი. ამიტომ, როგორც წესი, თანამშრომლის მიერ ხდება ყველაზე ცუდი სურათის წარმოდგენა და წერილობით მიღებული შენიშვნა იწვევს განსაკუთრებულ დემოტივაციას.

როდესაც გინდათ, რომ შეაქოთ თანამშრომელი ამ შემთხვევაში ეს უნდა გააკეთოთ საპირისპირო წესით. სხვების თანდასწრებით მიღებული შექება ორმაგად უფრო ღირებულია. წერილობით მადლობასაც თანამშრომელი უფრო დადებითად აღიქვამს ზეპირ შექებასთან შედარებით. ასეთ შემთხვევაში იზრდება თანამშრომლების მოტივაცია, რაც საბოლოო ჯამში ზრდის კომპანიის შედეგებს.

შეაქეთ თქვენი თანამშრომლები, გადაუხადეთ მათ მადლობა ყველა შესაძლებლობისას. ეს ყველაფერი გაზრდის თქვენს იმიჯს და თანამშრომლების პატივისცემას, ხოლო თქვენი დაქვემდებარებულები უფრო მოტივირებულები და მონდომებულები გახდებიან. თითოეული მადლობა ხომ ძალიან ღირებულია ყველა ადამიანისთვის.

| გააზიარე
მოგწონთ?