რა ვქნათ თუ ჩვენი პროფესია მოთხოვნადი აღარ არის?


ადამიანთა უმრავლესობას ხშირად აწუხებს კითხვა - საქმე, რომელსაც  მე ვაკეთებ არის თუ არა ის, რისთვისაც მე მოვევლინე ამ ქვეყანას?  ეს ის სფეროა, სადაც მე ყოველდღიურად ბოლომდე უნდა დავიხარჯო და დავდო მაქსიმალური შედეგები? ან ზოგადად, არის ჩემი პროფესია მოთხოვნადი? ასევე აქტუალური კითხვა, რომელსაც ხშირად მოვისმენთ -  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დიპლომში მითითებული პროფესიით რატომ  ვერ ვიწყებთ მუშაობას?

ზოგი ადამიანი ამას ადრევე ხვდება, ზოგი კი - უფრო გვიან, როცა მისი პროფესია უკვე მოთხოვნადი აღარ არის. მართალია, ჩვენ ვცდილობთ უფრო მეტი ვიმუშაოთ, მეტი დრო, ენთუზიაზმი და ძალა დავხარჯოთ იმისათვის, რომ ჩვენი პროფესიით რაიმე გავაკეთოთ, თუმცა სამწუხაროდ არაფერი გამოდის, არაფერი იცვლება და გვიჩნდება შეკითხვა: რა მოხდა?

მოხდა ის, რომ ბაზარზე იცვლება სიტუაცია. მაშინ, როდესაც ჩვენ ვამთავრებდით უნივერსიტეტს  საერთოდ სხვა პროფესიები იყო მოთხოვნადი, მას შემდეგ კი  გავიდა რამდენიმე წელი და სიტუაცია შეიცვალა. შესაბამისად, მოვიდა იმის დრო, რომ ჩვენც მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები.

სამწუხაროა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ მისი პროფესია აღარ არის მოთხოვნადი და თუ რაიმე არ გამოსდის, სხვადასხვა მიზეზებს იგონებს თავის გასამართლებლად. მთავარი კი ისაა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ პროფესია, რომელშიც ჩვენ თუნდაც ნამდვილი პროფსიონალები ვიყავით აღარ არის მოთხოვნადი ე.ი დროა დავიწყოთ ცვლილებები.

არსებობს ცნობილი მეეტლეების ისტორია ამ საკითხზე. ავტომობილების გამოშვებამდე  ადამიანები ძირითადად გადაადგილდებოდნენ ეტლებით. ბაზარზე ავტომობილების გამოჩენის შემდეგ კი მეეტლეებმა გამართეს აქციები მთავრობის წინააღმდეგ და აპროტესტებდნენ ავტომობილების შემოყვანას, რადგან ფიქრობდნენ, რომ დარჩებოდნენ უმუშევრები და ოჯახებსაც ვეღარ არჩენდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ავტომობილების შემოყვანა მეეტლეების მხოლოდ ერთმა ნაწილმა გააპროტესტა მაშინ, როცა მეორე ნაწილმა დაიწყო ახალი პროფესიის, მანქანის მძღოლობის, შესწავლა. ასე ხდება ყოველთვის. ასე იყო ადრე, ახლაც და მომავალშიც ასე იქნება. ამიტომ მთავარია არავითარ შემთხვევაში არ შევეგუოთ სიტუაციას და ვიფიქროთ გამოსავალზე და ალტერნატივებზე.

პირველ რიგში, იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ რომელ პროფესიაში გავხდეთ სუპერ პროფესიონალები, საჭიროა ჩამოვაყალიბოთ ალტერნატივები თუ რა მოგვწონს, რისი კეთება გვინდა, სად შეიძლება მივაღწიოთ წარმატებებს და რამდენად იქნება ეს პროფესიები ფინანსურად საინტერესო ჩვენთვის. შემდეგ კი გარკვეული გამორიცხვის მეთოდით, იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც არის თქვენთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი, უნდა მოხდეს გაცხრილვა. ბოლოს კი რჩება კონკრეტული პროფესია, რაც ძალიან კარგია, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ მიიღეთ  გადაწყვეტილება, თუ რა გინდათ შემდეგი პერიოდის განმავლობაში. ამ მომენტამდე მისვლა მოსალოცია, რადგან ახლა თქვენ შეგეძლებათ რეალურად დაიწყოთ ყოველდღიური მოქმედება თქვენი დასახული მიზნის მისაღწევად და დარწმუნდებით, რომ ეს სწორედ  ის პროფესიაა, სადაც  საუკეთესო შედეგებისა და  წარმატების მიღწევა შეგიძლიათ.

| გააზიარე
მოგწონთ?