ინოვაციები - კომპანიის წარმატებული მომავლის გარანტი


ინოვაციები არის თანამედროვე ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. კომპანიები, რომლებიც ინოვაციების მართვას უზრუნველყოფენ და სულ ფიქრობენ, რა შესთავაზონ ბაზარს ახალი, ხდებიან გაცილებით წარმატებულები სხვა კომპანიებთან შედარებით.

სწორედ ამ თემაზე მსურს ვისაუბრო დღევანდელ სტატიაში. პირველ რიგში მინდა შევხედოთ იმ საკითხს, რომ ყველაფერი რაც დღეს კეთდება და როგორც არის ბაზარი მოწყობილი, 5-10 წლის ვადაში აუცილებლად შეიცვლება და მიდგომები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. შესაძლოა გაჩნდეს რადიკალურად სხვა პროდუქტები, დაინერგოს მომსახურების ახალი მეთოდები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის ხელმძღვანელებმა დღესვე დაიწყონ ინოვაციურ მიდგომებზე ფიქრი.

ზოგადად, როდესაც ინოვაციაზე იწყებ ფიქრს, უნდა გაითვალისწინო რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. პირველი არის ის, რომ შენ შეიძლება იყო ნოვატორი ბაზარზე და სხვა კომპანიებს გაუკვალო გზა ამით ან იყო მეორე მოთამაშე. აქ პროდუქტის ნაირსახეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რამდენად ხარ ფოკუსირებული იმ სიახლეებზე, რასაც მომავალში ბაზარს შესთავაზებ და კონკურენტებთან შედარებით წახვალ ერთი ნაბიჯით წინ.

არსებობს არაერთი ძალიან ცნობილი ბრენდი, რომლებმაც ფეხი ვერ აუწყვეს ინოვაციებს. მაგალითად, Kodak-ის, Polaroid-ის ან Nokia-ს ქეისების განხილვა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ შეიძლება იყო ბაზრის ლიდერი გარკვეულ პერიოდში, თუმცა ვერ დაინახო ის ინოვაციები, რაც მოსალოდნელია მომავალში, არ მოახდინო ამ ყველაფერზე სწრაფი რეაგირება და დაკარგო ყველანაირი სიძლიერე.

შესაბამისად, ყოველთვის უნდა იფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივებზე, უნდა გაიხედოთ მინიმუმ 3 წელიწადით წინ და გააანალიზოთ, თუ რა მოხდება, რას მიაქცევენ ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას მომავალში.

იმ შემთხვევაში, თუ მომავალზე იქნებით ფოკუსირებული, დიდია ალბათობა იმისა, რომ ინფორმაციაც დროულად გექნებათ და გადაწყვეტილებასაც მალევე მიიღებთ. შესაბამისად შეძლებთ დაიწყოთ ახალი პროდუქტების და მიდგომების დანერგვა სხვებზე ადრე.

თუნდაც საქართველოში ბევრია ისეთი დარგი, რომელშიც მოღვაწე კომპანიები არ ზრუნავენ სიახლეებზე და ისევ ძველებურ მეთოდებზე არიან ორიენტირებულნი, არ სურთ ცვლილებები და მომხმარებლებიც დროდადრო კონკურენტებთან მიდიან.

ინოვაციები არის ის საკითხი, რაშიც ფულის დაზოგვის იდეა არ არის მაინც და მაინც გამართლებული, რადგან თუ არ ვითარდება კომპანია და არ ზრუნავს მომხმარებლებისთვის მუდმივად გაუმჯობესებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისის შეთავაზებაზე, ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

შესაბამისად, იზრუნეთ თქვენი კომპანიის მომავალზე, დანერგეთ ინოვაციები და შეძლებთ, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყოთ თქვენს კონკურენტებზე, რაც აუცილებლად მოუტანს თქვენს კომპანიას წარმატებას მომავალშიც.

| გააზიარე
მოგწონთ?