ინტერვიუ TBC PAY -ს გენერალურ დირექტორთან, ბიზნეს ტრენერ დავით კენჭაძესთან


Commersant.ge

- არსებობს თუ არა  ”ქართული მენეჯმენტის” ფენომენი და რა თავისებურებები ახასიათებს მას? 

- ჩემი შეფასებით, უფრო სწორი იქნება, თუ ვისაუბრებთ ქართულ მენეჯმენტში დღეს არსებულ სიტუაციაზე და არა ”ქართული მენეჯმენტის” ფენომენზე. ამ სფეროში ბევრი სხვადასხვა ტიპის პრობლემაა, თუმცა, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელ კომპანიაზეა საუბარი და როგორი მიდგომაა პრობლემების მოგვარებისადმი. მენეჯმენტისა და ადამიანების მართვის პრინციპი უმთავრესია, რადგან კომპანიას დამფუძნებელი ან დირექტორი კი არა, გუნდი მართავს. ასე უნდა იყოს იდეალურ შემთხვევაში.

- დღეს უცხოეთში განათლებამიღებული ბევრი ახალგაზრდა უკვე წარმატებული მენეჯერია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს საქართველოს რეალობაში ადაპტირება. არის თუ არა საზღვარგარეთ მიღებული განათლება წარმატების გარანტია?

- საზღვარგარეთ  ძალიან კარგ განათლებას იღებენ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მათი წარმატების სრულ გარანტიას არ იძლევა. გარდა თეორიული ცოდნისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას. წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, აგრეთვე, პიროვნული თვისებები.

გარდა მიღებული განათლებისა, პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, აუცილებელია საკუთარ თავზე  რეგულარული მუშაობა, პირველ რიგში, წიგნების კითხვა და წაკითხულის პრაქტიკაში დანერგვა. დასაქმებულ ადამიანს, წელიწადში, საშუალოდ, 50 წიგნის წაკითხვა შეუძლია, რაც 10 წელიწადში წაკითხულ 500  ბიზნესწიგნს უდრის. ეს არის რჩევა, რომელიც 100%-ით მუშაობს.

- არსებობს საქართველოში პირობები მენეჯერის ზრდისთვის?

- ცალსახად ძალიან რთულია ერთი პოზიციის დაფიქსირება, რადგან ყველა კომპანიას განსხვავებული მიდგომა აქვს ამ საკითხისადმი. კომპანია წარმატებულია, თუ იგი ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე და ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში ცდილობს,  შემთხვევათა 70-80%-ში თავისი თანამშრომელი დააწინაუროს. თუ კომპანიას უმეტესად გარედან მოჰყავს კადრები, ესე იგი, იქ არ არსებობს შესაბამისი შიდა გარემო ზრდისათვის. მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ქოუჩინგია და მან მუდმივად უნდა იზრუნოს პერსონალის განვითარებაზე. ჩემი რჩევა იქნება, მენეჯერმა საკუთარი დროის, საშუალოდ, 50% თანამშრომლებთან ურთიერთობაზე დახარჯოს, რა თქმა უნდა, კომპანიაში საკუთარი პოზიციის გათვალისწინებით.

- ზრუნავენ თუ არა ქართულ კომპანიებში საკუთარი თანამშრომლების გადამზადებასა და  კვალიფიკაციის ამაღლებაზე?

- კომპანიებისა და ადამიანთა რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელები არ უარყოფენ ტრენინგებისა და კურსების აუცილებლობას, თუმცა, პრაქტიკულად ამის განხორციელება ცოტათი უჭირთ. შესაძლოა, ამის მიზეზი ფინანსური მდგომარეობა ან სხვა სტრატეგიული ამოცანების განხორციელების აუცილებლობა იყოს. თანამშრომელთა გადამზადების დროს მხოლოდ ტრენერის მოწვევა და შედეგების ლოდინი არ არის საკმარისი. ჩემი აზრით, ხელმძღვანელი თავად უნდა დაესწროს ტრენინგს, რათა შემდეგ  ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება უზრუნველყოს.

- რამდენად ეფექტურია საქართველოში მიღებული ბიზნეს განათლება?

- დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ არის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სტუდენტებს კარგ განათლებას აძლევენ. გარდა ამისა, მენეჯმენტში არსებობს ასეთი წესი: მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობაზე მუშაობ, არასოდეს დაელოდო ხელმძღვანელობისაგან მოტივაციის ამაღლებას, მოტივაცია თავად უნდა აიმაღლო.

- რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიებში ფუნქციების დელეგირება და მოვალეობების გადანაწილების როგორი სისტემის გამოყენებას გვირჩევდით პრობლემების თავიდან ასაცილებლად?

- კომპანია დემოკრატიული უნდა იყოს. თუმცა კრიზისულ სიტუაციაში არსებობს რეკომენდაცია დიქტატორული მიდგომის გამოყენებაზე, რადგან ამ დროს ბევრი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება ხდება, თან  აუცილებელია სწრაფი რეაგირება.  კლასიკურ შემთხვევაში, დელეგირების დროს, პირველ რიგში ხდება ადამიანის შერჩევა, რომელიც საქმეს ხარისხიანად შეასრულებს, ანუ ისახება ხარისხობრივი მიზანი. შემდეგი ეტაპი ვადის შეთანხმებაა. ხელმძღვანელმა თანამშრომელს აუცილებლად უნდა აუხსნას ამ ამოცანის მნიშვნელობა მისთვის და კომპანიისათვის და საუბრის ბოლოს აუმაღლოს მოტივაცია, თუნდაც შექებით.

- საქართველოში ბიზნესის რომელ სექტორში ხვდებით  მენეჯმენტის ყველაზე დახვეწილ სისტემას, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს?

- კომპანიისა და მისი მენეჯმენტის განვითარება დამოკიდებულია კონკურენციაზე. შესაბამისად, იმ სფეროში, სადაც მაღალი კონკურენციაა, მენეჯმენტიც უფრო ძლიერია. საქართველოში ასეთია საბანკო, სადაზღვევო სექტორი და მობილური კავშირგაბმულობის სფერო.

| გააზიარე
მოგწონთ?