როგორ ავუმაღლოთ თანამშრომლებს კვალიფიკაცია მინიმალური დანახარჯებით?


ზოგადად კომპანიაში ხელმძღვანელებს ძალიან სურთ, რომ მათი თანამშრომლები განვითარდნენ და გახდნენ მაღალი დონის პროფესიონალები, თუმცა ამისათვის მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი და  ხელმძღვანელებმა თავად უნდა შეძლონ მათი დახმარება.

დღეს მე მსურს მოგცეთ რჩევა, რომელიც ამ სურვილის განხორციელებაში დაგეხმარებათ და შეძლებთ, გაზარდოთ თქვენი თანამშრომლების კვალიფიკაცია.

ხშირ შემთხვევაში თანამშრომლები ელიან, რომ მათ გაუშვებენ ტრენინგებზე და გარკვეულ ცოდნას მიიღებენ, თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ მოსმენით ცოდნის მიღება არ ხდება, ამისათვის საჭიროა რაიმე თემაზე მუშაობისთვის გარკვეული დროის გამოყოფა ან ძალიან მოკლე, კონკრეტული და დამუშავებული ინფორმაციის მიღება, რომლის პრაქტიკაში დანერგვაც შესაძლებელი იქნება.

ამასთან, ბევრი ადამიანი დამეთანხმება, რომ კომპანიებში სურთ თანამშრომლების განვითარება, თუმცა ფიქრობენ, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სინამდვილეში, ეს ყველაფერი შესაძლებელია შესაბამისი სურვილისა და მინიმალური დანახარჯების მეშვეობით, რომელშიც შემდეგი იდეა დაგეხმარებათ. რჩევა მდგომარეობს წიგნის მოყვარულთა კლუბის შექმნაში.

წიგნის მოყვარულთა კლუბი არის ძალიან საინტერესო და აპრობირებული მეთოდი, რომლის მიხედვითაც, კომპანიაში იკრიბებიან გარკვეული რაოდენობის ადამიანები, რომლებიც კლუბის წევრობის სურვილს გამოთქვამენ.

რაში მდგომარეობს კლუბის წევრობა? ამ შემთხვევაში, თითოეული წევრი იღებს პასუხისმგებლობას, რომ თვეში წაიკითხავს ერთ პროფესიულ წიგნს და გააკეთებს წიგნის დაახლოებით ნახევარ საათიან პრეზენტაციას გუნდის წევრებთან. შესაბამისად, ისინი გარკვეული პერიოდულობით იკრიბებიან და უზიარებენ ერთმანეთს სხვადასხვა იდეებს, რაც წიგნში წაიკითხეს, რადგან რეალურად, წიგნში ბევრი ისეთი ინფორმაციაა მოცემული, რომელიც შეგიძლია აღმოაჩინო და იდების სახით გაუზიარო სხვებს. ეს ძალიან კარგი მეთოდია იმის გათვალისწინებითაც, რომ რაც მეტ ადამიანს უზიარებ წაკითხულს, მით მეტად იაზრებ და გამახსოვრდება ეს ყველაფერი შენც.

შესაბამისად, თუ თქვენ გყავთ წიგნების მოყვარულთა კლუბში დაახლოებით 10 ადამიანი, ყველაფრის გაზიარების შემდეგ გამოდის, რომ თითოეული რეალურად კითხულობს თვეში 10 წიგნს, ხოლო წლის განმავლობაში ეს ციფრი იქნება 120. ეს არის ძალიან მაგარი ცოდნა, რომელსაც განუმეორებელი შედეგების მოტანა შეუძლია კომპანიის მომგებიანობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნებიან სხვებზე და შეგიძლიათ დააწინაუროთ სწორედ ისინი.

ყველაფრის გათვალისწინებით, გირჩევთ, მიბაძოთ წარმატებულ კომპანიებს, დანერგოთ თქვენს კომპანიაში წიგნის მოყვარულთა კლუბი, გაზარდოთ თანამშრომელთა კვალიფიკაცია და შესაბამისად, გაზარდოთ თქვენი კომპანიის მოგება.

| გააზიარე
მოგწონთ?