ის, რაც აუცილებლად უნდა შევცვალოთ დასახული მიზნების მისაღწევად


დღეს მსურს გესაუბროთ ერთ საინტერესო საკითხზე, რომელიც გვიშლის ხელს ჩვენი შემოსავლების გაზრდაში. ეს არის ჩვენი ერთგვარი ჩვევები, რომლებიც გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე და არ იცვლება მიუხედავად იმისა, რა ეტაპზე ვიმყოფებით.

ზოგადად ყველა ადამიანს აქვს საყვარელი საქმიანობა, რომელიც განტვირთვაში ეხმარება, თუმცა ზოგჯერ ასეთი გატაცება ზედმეტ დროის კარგვად შეიძლება გადაიქცეს. ჩვენ შეიძლება კარიერის დასაწყისში მოგვწონდეს რაღაცის კეთება, ეს შეიძლება იყოს მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაში, გართობა და ა.შ. ყველას გვაქვს ჰობი, გვაქვს არჩეული გარკვეული ცხოვრების წესი, თუმცა დროთა განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, რომ საჭიროა ცხოვრების წესის ცვლილება და ეს საჭირო დროს უნდა გააკეთონ.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც უყვარს დროის გატარება მეგობრების წრეში და ამას აგრძელებს წლების განმავლობაში, მაგალითად მაშინ, როდესაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კარიერული ძვრებია და სჭირდება მეტი დრო დაუთმოს ამ მხრივ საკუთარ თავზე მუშაობას და ინარჩუნებს ამ გატაცებას.

გქონდეს შეუცვლელი ჩვევები და გატაცებები მიუხედავად იმისა, ცხოვრების რა ეტაპზე იმყოფები, ეს არასწორია, რადგან როდესაც ასე ეჩვევი რაიმეს, შეიძლება დროთა განმავლობაში დაკარგო ფოკუსირება უფრო მნიშვნელოვან საქმეზე და ვერ გააკეთო ის, რაც იქნება შენთვის წარმატების მომტანი.

შესაძლებელია ამ საქმიანობამ არა მხოლოდ კარიერის თვალსაზრისით მოგაყენოს ზიანი, ასევე ცუდად იმოქმედოს ოჯახურ ურთიერთობებზე, რადგან როდესაც ზრუნავ მხოლოდ საკუთარ თავზე და დაკავებული ხარ გართობით, დრო არ გრჩება ოჯახისთვის და აკლებ ყურადღებას საყვარელ ადამიანებს, რაც მათ განაწყენებას იწვევს.  

შესაბამისად, უნდა დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რა არის ის საქმიანობა, რამაც ხელი შეიძლება შეგვიშალოს მიზნების მიღწევაში. როდესაც განვსაზღვრავთ მას, დროა დავიწყოთ ცხოვრების სტილის შეცვლაზე ზრუნვა.

სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამას ვერ აკეთებს რადგან ეს არც ისე მარტივია, თუმცა ეს ის ფასია, რასაც წარმატებული ადამიანები საშუალო ადამიანებისგან განსხვავებით იხდიან. ეს გულისხმობს, რომ ზოგჯერ უარი უნდა ვთქვათ ისეთ რამეებზე, რაც ძალიან გვიყვარს.

შესაბამისად, თქვენც დაფიქრდით, რა არის ის ჩვევა, ის ჰობი თუ გატაცება, რაც ასე ძალიან გიზიდავთ და გართმევთ დროს, რომელიც ძალიან ძვირფასია. ხოლო როდესაც აღმოაჩენთ მას, იფიქრეთ როგორ თქვათ მასზე უარი, რადგან ასე უფრო მალე შეძლებთ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.

| გააზიარე
მოგწონთ?