წარმატებული მენეჯერის თვისება – პროფესიონალიზმი


ალბათ არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ არ უნდა იყოს პროფესიონალი თავის საქმეში. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი რჩება მხოლოდ სიტყვებად. ჰკითხეთ თქვენს თავს რას აკეთებთ იმისათვის, რომ გახდეთ პროფესიონალი. პირადად ეს შეკითხვა ბევრი ადამიანისთვის დამისვამს, თუმცა პასუხი როგორც წესი იყო – კარგად ვასრულებ ჩემს საქმეს. რა თქმა უნდა ეს სწორია, მაგრამ არის კი ეს საკმარისი? სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ სამუშაოს კარგად ასრულებს და სწორედ ამიტომ ის უნდა დააწინაურონ. სინამდვილეში კი ასეთი ადამიანების გარდა არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც აგრეთვე კარგად ასრულებენ საკუთარ საქმეს, თუმცა აქ ყველაზე მთავარი არის იყო გამორჩეული სხვა ადამიანებისაგან. სამუშაოც ხომ იგივე კონკურენციაა ოღონდ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანებთან და არა კომპანიებთან. აუცილებელია იყოთ საკუთარი საქმის პროფესიონალები. ამისათვის კი გარდა სამსახურში კარგად მუშაობისა მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობაც ძირითადად ორი მიმართულებით: პიროვნული თვისებების გაუმჯობესება,  განათლების დონის ამაღლება და რათქმაუნდა ამ ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელება.

იმისათვის, რომ მიაღწიოთ კარიერულ წინსვლას მარტო განათლება არ არის საკმარისი. თქვენ უნდა გვქონდეთ უმაღლესი დონის პიროვნული თვისებები, ამისათვის კი ყოველდღიურად უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, შეისწავლოთ როგორი არიან იდეალური, ძლიერი მენეჯერები და უნდა შეეცადოთ დაემსგავსოთ მათ. ამისათვის შექმენით იდეალური მენეჯერის პიროვნული თვისებების ჩამონათვალი, კრიტიკულად შეაფასეთ ამ თვისებების მიხედვით თქვენი თავი, დასახეთ გამოსასწორებელი უნარები და ყოველდღიურად იმუშავეთ ამ უნარების გაუმჯობესებაზე. პირველივე შედეგს რამდენიმე თვეში შეიგრძნობთ.

განათლების ამაღლება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა ნებისმიერი მენეჯერისათვის, თუმცა ბევრი ადამიანი ფიქრობს, ხომ დავამთავრე ბაკალავრიატი, ხომ დავამთავრე მაგისტრატურა, როგორც იქნა მოვიშორე ეს წიგნები ამიერიდან შემიძლია დავისვენო. დამიჯერეთ ესეთი მიდგომა არასწორია. აქვე მოვიშველიებ ბანალურ გამოთქმას “სწავლა სიბერემდე”. განათლების ამაღლება არასდროს არ სრულდება. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად იმუშაოთ საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, ამისათვის კი ყოველდღიურად იკითხეთ წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, მოუსმინეთ აუდიო წიგნებს, გაიარეთ ყველა შესაძლო ტრენინგი. კვირაში თუ საშუალოდ ერთ წიგნს წაიკითხავთ, წელიწადში წიგნების რაოდენობა იქნება 50, ხოლო 10  წელიწადში იქნება 500 წიგნი. თუ თქვენ წაიკითხავ და შეისწავლით ამდენ წიგნს ამით შეიქმნით ურყევ კონკურენტულ უპირატესობას და თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი გახდებით, რის შემდეგაც ვერაფერი შეგაჩერებთ წარმატების მწვერვალზე მიმავალ გზაზე.

ჩემპიონები მარტივად ვერ ხდებიან, ამისათვის მძიმე შრომა და დრო არის საჭირო. ამიტომ რაც უფრო მალე დაიწყებთ მუშაობას საკუთარ თავზე მით მალე მიაღწევთ წარმატებას, მთავარია ყოველდღიურად იმუშავეთ თქვენი სასურველი მიზნის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ თუ მოინდომებთ გახდეთ პროფესიონალი ამას მიაღწევთ და ვერავინ, ვერასდროს ვერ შეგიშლით ხელს დასახული მიზნის მიღწევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

| გააზიარე
მოგწონთ?