კომპანიის მოგების ზრდა ბიუროკრატიული პროცესების შემცირების ხარჯზე


კომპანიაში მოგების გაზრდა რეალურად ყოველთვის შესაძლებელია, ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე, რომელშიც ამჟამად იმყოფება კომპანია და გარკვეულ გარემოებებზე. დღეს მინდა ვისაუბრო სწორედ ერთ-ერთ იმ გარემოებაზე, რომლის გამოსწორების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა.

ჩვენს გუნდს ხშირად უწევს შეხება სხვადასხვა კომპანიებთან, რის შედეგადაც ვხედავთ რომ ბიზნესს აქვს საერთო პრობლემა და მათი პროცედურები არის მეტ-ნაკლებად ბიუროკრატიული. აქ იგულისხმება, როდესაც კომპანიაში თანამშრომელს სხვადასხვა გადაწყვეტილებების მისაღებად უწევს გაიაროს რამდენიმე დონე, შეუთანხმოს ეს საკითხი სხვადასხვა ინსტანციის თანამშრომელს. შედეგად, გადაწყვეტილების მიღების პროცესი საკმაოდ იწელება დროში, საჭირო ვადებში ვერ ხერხდება შესაბამისი საკითხების მოგვარება და კომპანია კარგავს შემოსავლებს. მაგალითად, როდესაც კლიენტთან საუბრის პროცესში აუცილებლად არის მისაღები კონკრეტული გადაწყვეტილება და ამას თანამშრომელი ვერ ახერხებს, გამოდის რომ დიდია ამ კლიენტის განაწყენების ან საერთოდ დაკარგვის ალბათობა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბიუროკრატიულ პროცესებს.

რა ხდება თანამედროვე კომპანიებში? თანამედროვე კომპანიის მენეჯერები მაქსიმალურად ცდილობენ ბიუროკრატიული პროცესების შემცირებას, შედეგად გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დელეგირდება საშუალო ან საერთოდ ქვედა რგოლის მენეჯერებზე და შესაბამისად, კომპანია ხდება უფრო სწრაფი და ეფექტური. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, საბოლოოდ გადაიზრდება კომპანიის მოგების ზრდაში.

იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ თქვენი კომპანიის მოგების ზრდა შესაძლებელია, კარგად გადახედეთ კომპანიაში არსებულ მდგომარეობას. დააკვირდით პროცედურებს და ბიზნეს პროცესებს, კარგად დაფიქრდით, ხომ არ არის ისინი ბიუროკრატიული და დაუსვით თქვენს თავს მარტივი შეკითხვა, რამდენად შეუძლია ამა თუ იმ პრობლემების მოგვარება, გადაწყვეტილებებების მიღება და ზოგადად გარკვეული საკითხების დამოუკიდებლად მართვა იმ თანამშრომელს, რომელიც მათზეა პასუხისმგებელი.

თუ თქვენს კომპანიაში თანამშრომლებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, თქვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად გამოასწორებთ ამ ყველაფერს.

თავდაპირველად, გახსენით გარკვეული საზღვრები, მიეცით მათ მეტი დელეგირების საშუალება, რათა თანამშრომლები შეეჩვიონ გარკვეული საკითხების თავად გადაწყვეტას. მალე კომპანიაში არსებული ბიუროკრატიული პროცესები საგრძნობლად შემცირდება და ის გახდება უფრო სწრაფი, რაც საბოლოოდ, აუცილებლად აისახება თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზე.

 

| გააზიარე
მოგწონთ?