კომპანიის მოგების ზრდა კონკურენტების კარგად შესწავლის საფუძველზე


იცნობთ თუ არა კარგად თქვენს კონკურენტებს? - ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი.

ზოგადად, კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოძიების და მათი კარგად გაცნობის აუცილებლობის შესახებ ყველამ იცის, თუმცა არავინ არ ზრუნავს ამაზე რეალურად.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ კონკურენტების კარგად გაცნობაზე ძირითადად ტოპ მენეჯერები არიან ორიენტირებულები. რაც შეეხებათ რიგით თანამშრომლებს, კონკრეტულად კი მათ, ვინც უშუალოდ კლიენტთა მომსახურებაში ან გაყიდვებში არიან ჩართულები, არ აქვთ არანაირი ინფორმაცია კონკურენტთა საქმიანობის, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. არ იციან, დარგში არსებული ტრენდები და არც ის, თუ რამდენად მიჰყვებიან მათ კონკურენტები.

რატომ აქვს ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა? ხშირ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს ჩვენს პროდუქტს, ის კონკურენტის უპირატესობაზე აპელირებს, რომელიც კარგად არის ცნობილი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს უპირატესობა ნაკლებად ცნობილია ფართო მასებისთვის, ამ დროს უფრო რთული ხდება მისი გადაფარვა გაყიდვებში ჩართული ადამიანების მიდგომებით. შესაბამისად, თუ თქვენ მუშაობას იწყებთ ან უკვე მუშაობთ რომელიმე კომპანიაში ამ მიმართულებით, აუცილებლად კარგად უნდა გაეცნოთ კონკურენტებს.

როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი? თავდაპირველად, შეგიძლიათ ჩაატაროთ იდუმალი კვლევა, დარეკოთ რამდენიმე ადგილას, დასვათ ვებ-გვერდზე შეკითხვები, უბრალოდ ეწვიოთ ოფისს ან თხოვოთ მეგობარს დახმარება და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო კარგად გაიცნობთ კონკურენტებს, მით უფრო მარტივად შეძლებთ სტრატეგიის აწყობას მათი უპირატესობების დამარცხებისთვის.

ზოგადად გაყიდვებში და კლიენტებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს კონკურენტის შესახებ ინფორმაციის ფლობას. თუ თქვენი თანამშრომლები მათ უპირატესობებს გაარკვევენ და შემდეგ უკვე მათ დამარცხებაზე ფიქრს დაიწყებენ, გაცილებით მეტი კლიენტების მოზიდვას და მომსახურებას შეძლებენ, რომლებიც აუცილებლად გახდებიან თქვენი ლოიალურები.

ეს სისტემა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ გარკვეული პერიოდულობით ხდებოდეს ინფორმაციის გადამოწმება, განახლება, გაყიდვების საშუალებებისა და ხრიკების მოფიქრება იმისათვის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ მომხმარებელთა რიცხვი.

მაშ ასე, თუ არ გაიცნობთ თქვენს კონკურენტებს კარგად, ვერ შეძლებთ მათ დამარცხებას. შესაძლოა, თქვენ არ გქონდეთ მათი ძლიერი მხარეების საპირწონე უპირატესობები, თუმცა ლოგიკური აზროვნებით და გაყიდვების მეთოდებით იმ სიძლიერეების გადაფარვაც კი შესაძლებელია, რაშიც მათ ძალიან დიდი თანხები აქვთ დახარჯული.

შესაბამისად, იყავით მომხმარებლებზე ფოკუსირებულები და მუდმივად ადევნეთ თვალი კონკურენტებს, დაუთმეთ დრო მათ შესწავლას, რათა მოახერხოთ სწრაფი და დროული რეაგირება მათ ახალ სტრატეგიებზე. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ბევრ ინფორმაციას ფლობთ კონკურენტების შესახებ, შეგიძლიათ უფრო კარგად გაყიდოთ თქვენი პროდუქცია და შესაბამისად, მიიღოთ უფრო მეტი მოგება.

 

| გააზიარე
მოგწონთ?