რა შეცდომა არ უნდა დაუშვათ ბიზნესის წარმოების დროს?


დღეს მსურს მოგიყვეთ ერთი ჩემი გამოცდილების შესახებ, რომელიც კარგი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა აწარმოოს ბიზნესი ზოგადად ბიზნესმენმა, რომელიც ითავსებს მენეჯერობასაც.

საუბარი მაქვს წლების წინ თიბისი ფეი-ში მიღებულ გამოცდილებაზე, როდესაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ტერმინალების ქსელის განვითარებაზე და გვქონდა სხვადასხვა მოლაპარაკება ბაზრის წილის გასაზრდელად. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ როდესაც მე კომპანიაში მივედი ბაზრის წილი 10%-ს შეადგენდა და ისიც რეალურად დილერების ხარჯზე იყო განვითარებული, ამიტომ მთავარ მიზანს სწორედ საკუთარი ტერმინალების გაზრდა წარმოადგენდა.

ამ დროს ჩვენ გვქონდა სურვილი ჩვენი ტერმინალი განგვეთავსებინა ერთ საკმაოდ ცნობილ ობიექტში, რომელიც ცნობილი ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაშია და ალბათ 2000-ზე მეტი ადამიანიც კი მუშაობს. ამ ყველაფრისთვის კი გვიწევდა სხვადასხვა მოლაპარაკების წარმოება. იმ დროს მომხდარმა ფაქტმა საკმაოდ გამაკვირვა, როდესაც ტერმინალის განთავსების ადგილთან, ფასთან და გადახდის პირობებთან დაკავშირებით ჩვენთან მოლაპარაკებებს ამ კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი აწარმოებდა, რაც რეალურად არ იყო სწორი და მნიშვნელოვან საკითხზე დამაფიქრა.

ჩემი აზრით საკმაოდ არასწორი იყო მსგავსი მიდგომა და როცა შემდეგ ამ კომპანიას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა, ჩემთვის სულაც არ იყო ეს გასაკვირი. მოცემული მენეჯმენტის სისტემის ფონზე, რადგან კომპანიის დამფუძნებელს უწევდა მოლაპარაკებების წარმოება. ამ შემთხვევაში ჩანს მისი ბუნება და მმართველობის სტილი, როდესაც ყველაფერში თავად სურს ჩარევა და თავისი გავლენის მოხდენა ნებისმიერ მოლაპარაკებაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მიდგომა საკმაოდ ცუდია, რადგან ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ შეძლებს და თუ გსურს ბიზნესში წარმატებას მიაღწიო, ბიზნეს საქმიანობა ეფექტურად უნდა იყოს დელეგირებული.

არ აქვს მნიშვნელობა რა ზომის დეპარტამენტს ხელმძღვანელობთ, მთავარია, რომ შეკრიბოთ ძლიერი გუნდი და მაქსიმალურად ეცადოთ გააკეთოთ სწორი დელეგირება.

ამ გამოცდილების ფონზე დავრწმუნდი, რომ კომპანიის ძლიერება და წარმატება დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ რამდენად კარგად შეგიძლია მართო თანამშრომლები და დაადელეგირო საქმეები.

გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი ყველაფერს თქვენ ართმევდეთ თავს, ყველაფერში ძლიერი იყოთ და აკონტროლებდეთ ნებისმიერ პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ შეკრიბოთ ისეთი ადამიანები, ვინც თავიანთი მიმართულების პროფესიონალები არიან და სწორად გადაანაწილოთ ფუნქცია-მოვალეობები, რადგან ამ შემთხვევაში თქვენი მენეჯმენტის სისტემა უფრო გაძლიერდება და გაცილებით კარგ შედეგებს მიიღებთ ვიდრე მაშინ, თუ თავად ჩაერევით კომპანიის საქმიანობის ნებისმიერ პროცესში. 

| გააზიარე
მოგწონთ?