რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ არასდროს დავნებდეთ?


უკვე ალბათ თითოეული თქვენგანი შეეჩვია იმას, რომ ცხოვრებაში ხშირია აღმასვლები და დაღმასვლები, თუმცა ამის ცოდნა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ადამიანებმა გააგრძელონ ბრძოლა თავიანთი მიზნებისთვის. ზოგადად დიდი ხანია მივედი დასკვნამდე, რომ ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ ცხოვრებაში იქნება წარმატებებიც და წარუმატებლობებიც, ამის ცოდნა კი ეხმარებათ გააგრძელონ ბრძოლა. მეორე კატეგორია კი პირდაპირ ეგუება წარუმატებლობას, პირველივე მარცხისას ნებდება და ხელს იქნევს.

 

რა ხდება სინამდვილეში?

რეალურად, თუ ჩვენ არ ვიქნებით თავიდანვე მზად იმისათვის, რომ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმილი გვქონდა, ძალიან გაგვიჭირდება ნებისმიერი სირთულის გადატანა. აუცილებელია გავითავისოთ, რომ პრობლემები ყოველთვის იქნება, ცუდი პერიოდები დადგება ცხოვრებაში, რომლებიც აუცილებლად დაგვაფიქრებს დანებებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ წინასწარ, როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციებთან გამკლავება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად როდესაც პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში გვაქვს რაიმე პრობლემა და გვიდგას რთული პერიოდი, ამ ეტაპს ცხოვრებაში მოაქვს ბევრი დადებითი რამ. ასეთ დროს აანალიზებ ყველაფერს, შენ მიერ დაშვებულ შეცდომებს, არასწორ ნაბიჯებს, რომლებსაც მომავალში აუცილებლად შეცვლი, ფიქრობ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც გაქვს და მათ მომავალში გამოყენებაზე. მიდიხარ დასკვნებამდე, ჩნდება ახალი იდეები, რომლებსაც შეუძლიათ აბსოლუტურად შეცვალონ შენი ცხოვრება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე მოგცემთ ერთ მარტივ რჩევას, უბრალოდ არასდროს არ დანებდეთ. პირადად ეს ჩემთვის საყვარელი ფრაზაა: ,,Never Give Up“ - ჩაიბეჭდეთ ის კარგად გონებაში და ხშირად უმეორეთ საკუთარ თავს.

აგრეთვე შეგიძლიათ მიმართოთ სხვადასხვა სამოტივაციო გამონათქვამებს, სტატიებს, ფილმებს, ვიდეოებს. მაგალითად ბევრ ადამიანს ამოტივირებს ჩვენს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული სამოტივაციო ფრაზები, ასევე არის არაერთი ისტორია ადამიანებზე, რომლებმაც ბევრი სირთულის მიუხედავად შეძლეს თავიანთი მიზნების მიღწევა.

შესაბამისად, ხშირად გაეცანით ამ ყველაფერს და არასდროს დაგავიწყდეთ, რომ თქვენც აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ თუ ბოლომდე დაიხარჯებით და ბევრს იშრომებთ.

უბრალოდ გახსოვდეთ, რომ არ არსებობს რთული პერიოდები, არსებობს მხოლოდ შესაძლებლობების აღმოჩენის პერიოდები, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა. მთავარია ჩვენ დავინახოთ ეს ყველაფერი, გადავაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და ახალი ძალებით ვიმოქმედოთ მეტად მოტივირებულებმა. ეს კი საბოლოო ჯამში, აუცილებლად მოგვიტანს სასურველ შედეგებს.


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?