რა უნდა ვიცოდეთ, როცა ტურისტულ ბიზნესში ვართ?


დღევანდელ სტატიაში მსურს მივცე ტურისტულ სააგენტოებს რამდენიმე საინტერესო რჩევა, რომლის პრაქტიკაში დანერგვით შეუძლიათ მკვეთრად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები. რჩევა თავიდან ბოლომდე პრაქტიკულია, რადგან მე მაქვს არაერთ კომპანიასთან მუშაობის გამოცდილება, რომელსაც ტურისტები საზღვარგარეთიდან შემოჰყავს და საკმაოდ საინტერესოა ამ მხრივ მიღებული გამოცდილება.

ძირითადი პრობლემა, რომელიც კომპანიებში მხვდება არის შემდეგი სახის: ისინი საუბრობდნენ, რომ კონკურენცია იყო საკმაოდ მაღალი შიდა კომპანიებს შორის და უწევდათ ფასების დაწევა, განსაკუთრებით ამ მხრივ პრობლემებს კი საშუალო და პატარა ზომის კომპანიები აწყდებოდნენ იმის გათვალისწინებით, რომ უჭირდათ დიდი ზომის კომპანიების მსგავსად დაბალი ფასების დაწესება.

რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, აღმოჩნდება, რომ ეს კომპანიები სულაც არ არიან ერთმანეთის კონკურენტები და პირიქით, ისინი უნდა გაერთიანდნენ, რათა ერთიანი ძალებით გაუწიონ კონკურენცია უცხო ქვეყნების სააგენტოებს.

რაზე უნდა გაამახვილონ ტურისტულმა კომპანიებმა ყურადღება?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ბევრი request-ის მოგროვება, რაც გულისხმობს ტურის შედგენის თაობაზე მოთხოვნას. მთავარია, რომ ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე მენეჯერის ერთ-ერთი შეფასების კრიტერიუმი სწორედ მიღებული მოთხოვნების რაოდენობაა. ძალიან ბევრი ქართული კომპანია ელოდება, თუ როდის გამოაგზავნიან მოთხოვნას. ელოდებიან, რომ რომელიმე ქვეყანაში საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას და მერე იწყებენ კონკურენტულ ბრძოლაში ჩაბმას.

ეს არასწორია, რადგან თუ ასე მოხდა გამოდის, რომ ეს უკვე სხვა ქართული ტურისტული კომპანიის ნამუშევარია და ის თქვენზე გაცილებით წინაა კონკურენტულ ბრძოლაში, თქვენ კი მხოლოდ იმისთვის იქნებით გამოყენებული, რომ მოახდინოს სხვა კომპანიამ ფასის შემცირება.

რა ხდება სხვა შემთხვევაში?

როდესაც კომპანიას სურს უფრო მეტი ტურის გაყიდვა, უნდა გადავიდეს აქტიურ კონკურენციაში სხვა ქვეყნებთან, რასაც ქართული კომპანიები არ აკეთებენ, მათ უნდა იმუშაონ ყველა ტურისტულ პარტნიორთან ერთ მიმართულებაზე. როდესაც პირობითად გერმანიაში ჩნდება ტურისტული ჯგუფი, რომელსაც სურს წავიდეს დასასვენებლად სხვა ქვეყანაში, სწორედ იმ ეტაპზე უნდა დაიწყოს ქართულმა კომპანიამ აქტიურად ჩართვა ამ პროცესში და უნდა ჰქონდეს ისეთი ურთიერთობები პარტნიორებთან, რომ მათ საქართველო ყოველთვის განიხილონ ერთ-ერთ ალტერნატივად, თუნდაც ევროპელებისთვის ტრადიციულ მიმართულებებთან შედარებით. საქართველომ უნდა დაიწყოს კონკურენცია იგივე იტალიასთან ან პორტუგალიასთან, ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია.

შესაბამისად, ტურისტული კომპანიის მთავარი სამუშაო არის შემდეგი 3 მიმართულება:

1. პარტნიორების რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

2. მუდმივი მუშაობა და პარტნიორების ხშირი ,,შეწუხება“, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის მოთხოვნები მიიღონ თუნდაც იმ ქვეყნებიდან, რომლის მაცხოვრებლებმაც საერთოდ არც კი იციან საქართველოს შესახებ.

3. Request-ების კარგი დამუშავება, კარგი პროდუქტების შექმნა და კარგად გაყიდვა.

სწორედ ამ საკითხებზე უნდა გააკეთონ ფოკუსირება ტურისტულმა სააგენტოებმა იმისათვის, რომ გაიზარდოს არა მხოლოდ ქართულ ტურისტულ სააგენტოებზე მოთხოვნა, არამედ ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობაც.

 

| გააზიარე
მოგწონთ?