მენეჯმენტი კოეფიციენტების საშუალებით


კომპანიის სტრატეგიული მენეჯმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კოეფიციენტების ანალიზია. კოეფიციენტები ახორციელებს კომპანიის საქმიანობის ანალიზს და სხვადასხვა მაჩვენებლების შედარებას. ზოგადად, კოეფიციენტების ანალიზი მსგავსია მათემატიკაში სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შედარების. იმისათვის, რომ შეადარო ასეთი წილადები ისინი უნდა გადაიყვანო ერთი და იგივე მნიშვნელზე. იგივე სიტუაციაა კოეფიციენტების ანალიზის შემთხვევაშიც. ის გაძლევთ საშუალებას, რომ შეადაროთ სხვადასხვა მონაცემები, როგორც კომპანიის, ისე  ბაზრის ჭრილში.


ანალოგიური  სიტუაციაა მაშინაც, როცა ხდება კომპანიების შედარება ერთმანეთთან. კოეფიციენტების გამოყენების გარეშე საკმაოდ რთულია ორი სხვადასხვა ზომის კომპანიის შედარება, როცა ერთი კომპანიის აქტივები რამდენიმეჯერ აღემატება მის კონკურენტს. შესაბამისად ლოგიკურია, რომ უფრო დიდი აბსოლუტური მოგება მსხვილ კომპანიას ექნება. თუმცა კოეფიციენტების გამოყენებით შეიძლება დავადგინოთ, რომ მცირე ზომის კომპანია უფრო მომგებიანი იყო.

ფინანსურ უწყისებში მოცემულია კომპანიის ფინანსური სურათი, თუმცა იქ არ ჩანს ანალიზი (თუ რა თქმა უნდა არ არის გამოყენებული შესაბამისი კოეფიციენტები). ინვესტორებიც და კომპანიის აქციონერებიც ძირითადად აკვირდებიან კოეფიციენტებს, კომპანიის ეფექტურობის და მომგებიანობის გასაანალიზებლად.

კოეფიციენტები მოიცავენ შემდეგ მიმართულებებს:

  • მომგებიანობა;
  • გაყიდვები;
  • ხარჯები;
  • ლიკვიდურობა;
  • კაპიტალის სტრუქტურა;
  • ფინანსური რისკი;
  • ეფექტურობა;
  • მარაგების მართვა;
  • თანამშრომლების პროდუქტიულობა;
  • და კიდევ უამრავი კოეფიციენტი, რომელიც შეიძლება გამოგონილ იქნას კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე.


თავის მხრივ, მხოლოდ კოეფიციენტები არაფერს არ ნიშნავს თუ ისინი არ იქნება შედარებული:

  • მიზნობრივ მაჩვენებლებთან;
  • წინა პერიოდის ანალოგიურ მონაცემებთან;
  • კონკურენტების ანალოგიურ მონაცემებთან;
  • ბაზარზე არსებულ საშუალო მონაცემებთან.


მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში წინასწარ იყოს დაგეგმილი ამოცანები. თანამშრომელზე გადაცემული ამოცანები სასურველია იყოს გაზომვადი. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შესრულებული სამუშაოს შეფასება მოხდეს ობიექტურად. ამისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის აპრობირებული კოეფიციენტები. აგრეთვე სასურველია ინდივიდუალურად მოხდეს კოეფიციენტების მოფიქრება მიზნების და შედეგების ანალიზისთვის. რა თქმა უნდა, ესეთი ტიპის კოეფიციენტები მორგებული იქნება კონკრეტული კომპანიის საჭიროებებზე.

| გააზიარე
მოგწონთ?