გვეშველება რამე?


დღევანდელი სტატია მინდა დავიწყო მისივე სათაურის განხილვით. გვეშველება რამე?

ეს არის ძალიან სერიოზული და საინტერესო საკითხი, რომელიც პრინციპში ძალიან აქტუალურია და რომელზეც ბევრი ადამიანი საუბრობს. გარკვეული თვალსაზრისით ხუმრობადაც კი არის გადაქცეული, რომ არაფერი არ გვეშველება!

საინტერესოა ამ თემის განხილვა. ცნობილი მოსაზრების თანახმად, თუ გვსურს ქვეყნის განვითარება, ის აქტიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკურად. კონკრეტულად კი საქმე ეხება 10-12%-იან ეკონომიკურ ზრდას, რომლის შემთხვევაში მივაღწევთ ძალიან მაგარ შედეგებს.

საბოლოოდ, ყველაფერი  მიდის მთავრობასთან. მე არ მსურს მთავრობის ადვოკატი გამოვიდე, თუმცა ადამიანები მიდიან არჩევნებზე და ფიქრობენ, რომ ის ვისაც ირჩევენ უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ხოლო თუ ეს მთავრობა არა, მისი შემდგომი მაინც  გააკეთებს ამას.

მოდი დავფიქრდეთ, თუ რაზეა დამოკიდებული რეალურად ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ამ საკითხს მინდა მივუდგე განსხვავებულად და გითხრათ, რომ ის დამოკიდებულია მთლიანი ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი პროდუქტების და სერვისების ერთობლიობაზე, შესაბამისად, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირობითად გავზარდოთ ის 10%-ით? რა თქმა უნდა, საჭიროა, ვაწარმოოთ და გავყიდოთ 10%-ით მეტი პრუდუქტი და მომსახურება, ვიდრე წინა წლებში.

სადამდე მივყავართ ამ საკითხს? ეს ყველაფერი დადის თითოეულ ინდივიდამდე, რადგან თითოეული ჩვენგანი ქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. შესაბამისად, თუ გვსურს, რომ მივიღოთ ეს 10%, უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის საშუალო მაჩვენებელი, როცა ზოგიერთი არაფერს არ აკეთებს, ზოგიერთი კი მაქსიმალურად ცდილობს ამ შედეგის მიღწევას. ამიტომ, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ზოგიერთს, თუნდაც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს, ძალიან დააწვეს ეს ტვირთი, სხვებმა კი არაფერი მოიმოქმედონ  ამ ციფრის გაუმჯობესებისთვის.

ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ შევიტანოთ ჩვენი წვლილი და გადავდგათ თუნდაც პატარა ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. თითოეული მოქალაქე უნდა ვეცადოთ, რომ დავაბალანსოთ ერთმანეთი. მოცემული მიზნის მიღწევა დამოკიდებულია დეტალებზე, დამოკიდებულია ჩვენზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ დავიწყებთ ფიქრს, რომ წელს თითოეულმა უნდა შევქმნათ 10%-ით მეტი, ვიდრე წინა წელს, ყველაფერი მოგვარდება. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მაშინვე არ გამოვიდეს, მაგრამ როცა გვაქვს მიზანი და შესაბამისად ერთიანი ძალებით ვმოქმედებთ მის მისაღწევად, ადრე თუ გვიან შევძლებთ ამას.

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა, ვაწარმოეთ პირადად ჩვენს 10%-ით უფრო მეტი ვიდრე წინა წელს?! უნდა გავაანალიზოთ, რომ ჩვენ ვართ ის, ვისაც შეუძლია ამ მიზნის მიღწევა, ხოლო თუ დავიწყებთ ამგვარად  აზროვნებას და შესაბამისად მოქმედებას, ჩვენ მივაღწევთ დასახულზე გაცილებით მაღალ მაჩვენებელს და აუცილებლად გვეშველება!

| გააზიარე
მოგწონთ?