ცხოვრების დაბალანსება #1


დღევანდელ დღეს საქართველოში ადამიანის ცხოვრება იცვლება, ის უფრო მეტად სწრაფი, სამსახურზე და შედეგებზე ორიენტირებული ხდება. ევროპელები და ამერიკელები უკვე დიდი ხანია რაც ასეთი რითმით ცხოვრობენ, ჩვენთვის კი ეს შედარებით ახალია.

ძალიან ბევრ კარგ ადამიანს, მენეჯერს ვიცნობ, რომლებიც მთელ დღეებს მუშაობაში ატარებენ, არიან ე.წ Hardworker-ები. რა თქმა უნდა, ეს კარგი თვისება, რომელიც შედეგების მიღწევაში ეხმარება ყველა მენეჯერს. თუმცა, ამ წარმატებას თავისი მინუსებიც აქვს. ადამიანი ხდება სამსახურზე დამოკიდებული, ადრე მიდის სამსახურში, ბრუნდება გვიან, შაბათსაც მიდის სამსახურში და ხანდახან კვირასაც, აუცილებლად ყველა ოფიციალურ დასვენების დღეებში მუშაობს. ზოგიერთი უფროსის თვალთახედვიდან ეს ითვლება, როგორც ამ თანამშრომლის უპირატესობა და როგორც მისი ძლიერი თვისება ან/და განსაკუთრებული სიყვარული მისი სამსახურისადმი. სამწუხაროდ, ბევრი ხელმძღვანელი უფრო მეტად ამას აფასებს, ვიდრე თანამშრომლის მიერ მიღწეულ შედეგებს.

რა თქმა უნდა, სამსახურის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მენეჯერს უნდა უყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებს, თუმცა ყველა ადამიანმა უნდა დააბალანსოს თავისი ცხოვრება. რა ხდება ტიპიური Hardworker-ის ცხოვრებაში? ის მუშაობს, მუშაობს და კვლავ მუშაობს. ამასობაში გადის დრო, ცხოვრება წინ მიდის, ის ბერდება, მისი შვილები იზრდებიან, გარშემო ყველაფერი იცვლება ის კი კვლავ მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე და შედეგებზე იყოთ ორიენტირებული, თუმცა არ დაგავიწყდეთ თქვენი პირადი ცხოვრება და ჯანმრთელობა.

ისმება კითხვა - რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მოვასწროთ? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა არის დროის სწორი მართვა და ცხოვრების დაბალანსება. ამ თემაზე დისკუსიები და სტატიები ქვეყნდება საკმაოდ დიდი ხანია. შემდეგ სტატიებში მოცემულია ის რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ თქვენს ყოველდღიურობაში.

პირველი რჩევა მდგომარებებს იმაში, რომ მიიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება - დაიწყოთ ცხოვრების დაბალანსება. სამსახურში მიდით 1 სთ-ით ადრე და წამოდით 1 სთ-ით გვიან. ეს მოგცემთ დამატებით 2 სთ ყოველდღე, მაგრამ აქაც უნდა მიიღოთ წესად, რომ მაქსიმალურად შეეცადოთ არ გადააცილოთ ამ დროს. შესვენება შეამცირეთ მინიმუმამდე, ან გამოიყენეთ ის პროდუქტიულად, მაგალითად, შეხვდით თანამშრომელს, ან პარტნიორს შესვენების დროს. სამსახურის დროს არ დახარჯოთ არცერთი დამატებითი წუთი არასაქმიან მიმართულებაზე. დაანებეთ მოწევას თავი. გარდა იმისა, რომ ის თქვენ ჯანმრთელობას დიდ პრობლემებს უქმნის, განსაკუთრებით კი 30 წლის ზემოთ (მათ შორის აბერებს სახის კანს, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო მეტად თვალშისაცემი ხდება გარშემომყოფებისათვის), სიგარეტი გაკარგვინებთ დღეში მინიმუმ 30 წუთს, რაც წელიწადზე გადაანგარიშებით არის დაახლოებით 130 სამუშაო საათი, ანუ 3 სამუშაო კვირა. წარმოიდგინეთ, რამდენად მეტის გაკეთება და რამდენად შეგიძლიათ აჯობოთ თქვენს კონკურენტებს თუ მათთან შედარებით წელიწადში 3 კვირით მეტს იმუშავებთ. ამის გარდა, გახსოვდეთ, რომ სიგარეტის მოწევის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი და გონება დუნდება, რაც დამატებით გიშლით ხელს მუშაობაში.

იხილეთ ასევე: ცხოვრების დაბალანსება N2
 

| გააზიარე
მოგწონთ?