იციან თქვენმა თანამშრომლებმა რაზე არიან პასუხისმგებელნი?


ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ძალიან ხშირად ხელმძღვანელებსა და დაქვემდებარებულებს აქვთ პრობლემა - რეალურად თანამშრომლებმა არ იციან რაზე არიან ისინი პასუხისმგებელნი. მე შემოგთავაზებთ ერთ იდეას - ჰკითხეთ თქვენს თანამშრომლებს, შემდეგი 1 წლის განმავლობაში რაზე არიან პასუხისმგებელნი. მათი 95% გეტყვით თუ რა ფუნქციები უწერიათ სამუშაოს აღწერილობაში:  მოემსახურონ კლიენტს ხარისხიანად, დროულად გასცენ პასუხი წერილებს, გააკეთონ მარკეტინგული გეგმა, განახორციელონ შესყიდვები სწორად და ეფექტურად და ა.შ. მაგრამ სამწუხაროა, რომ მათმა უმეტესობამ არ იცის რაზეა პასუხისმგებელი, რადგან ეს მხოლოდ ფუნქციებია. რეალურად თუ გინდათ თანამშრომელმა იცოდეს რაზეა პასუხისმგებელი, უნდა მისცეთ ამოცანის/ფუნქციის გაზომვის საშუალება.

ძალიან ხშირად კომპანიის ხელმძღვანელები, ან HR-ები თანამშრომლებს  მიუთითებენ, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ 3 მიზანზე მეტი. შესაძლოა 3 მიზანზე მეტი არ ჰქონდეთ მათ, ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა საბონუსე, პრემიალურ მიზნებზეა საუბარი, როდესაც ხდება საბოლოო შემდეგების მიბმა მათ ანაზღაურებაზე. ხოლო სხვა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ თანამშრომლებმა იციან მათზე დაკისრებული საქმიანობა, მათ წარმოდგენა არ აქვთ თუ რას უნდა მიაღწიონ.

თანამშრომლებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ  15-20 მიზანი, რომელიც უნდა შეასრულონ და იცოდნენ როგორ გაიზომება ეს მიზნები. ეს ყოველივე გამომდინარეობს იქიდან, რომ თითოეული ფუნქცია არის მისი ხელმძღვანელის მხრიდან დელეგირებული ამოცანა, ხოლო დელეგირების ერთ-ერთი მთავარი წესია - აუხსნათ პასუხისმგებელ პირს რა იქნება მიზანი და როგორ მოხდება მისი გაზომვა და შეფასება.

გააკეთეთ პრაქტიკული დავალება კომპანიაში: შემოიყვანეთ თქვენი თანამშრომელი და დაუსვით  შეკითხვა -  რაზეა ის პასუხისმგებელი? იმ შემთხვევაში თუ ვერ აღმოაჩენთ ამ შეკითხვაზე სწორ პასუხს, მაშინ დაფიქრდით რა და როგორ უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ყველა თანამშრომელმა იცოდეს თუ რაზე არიან ისინი პასუხისმგებელნი შემდეგი თვის, კვარტლის და წლის განმავლობაში.

უბრალოდ წარმოიდგინეთ რა შედეგების მიღება შეუძლია თქვენს კომპანიას თუ თითოეული თანამშრომელი გაცნობიერებული იქნება დაკისრებული 10-15 ამოცანის მიზნებში, თუ ეცოდინება როგორ მოხდება ამ ამოცანების გაზომვა და ექნება მოტივაცია მიაღწიოს ამ შედეგებს. თქვენ შეძლებთ რადიკალური, ძალიან სწრაფი ზრდის განხორციელებას და გექნებათ წინაპირობა გახდეთ უნიკალური კომპანია, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც გახდება წარმატებული.

| გააზიარე
მოგწონთ?