თათბირების მართვა #3


კვლავ ვაგრძელებთ თათბირების მართვის თემას. სამწუხაროდ თათბირებზე ხშირად ხდება ისეთი სიტუაციები, როდესაც მონაწილეები იწყებენ საკითხების ბლოკირებას. პირველი სიტყვა მათი მხრიდან არის „ეს არ გამოვა“. ზოგადად ასეთი პესიმისტური მიდგომა თანამშრომლების მხრიდან არაეფექტურია და ხელს უშლის სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ შემთხვევაში სპიკერის მიზანი უნდა იყოს დაბლოკოს ესეთი პოზიცია კონტრ შეკითხვით — „რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს“. ასეთი მიდგომა უფრო სწორია და ხელს უწყობს საკითხის ეფექტურ განხილვას და საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

თანამშრომლების მიერ თავიანთი მოსაზრებების განხილვისას ხშირად ხდება ისეთი ბუნდოვანი ტერმინების გამოყენება როგორიც არის — ბევრი, ცოტა, ძალიან, ცუდი, კარგი და ა.შ. სპიკერმა ასეთ შემთხვევაში უნდა მოსთხოვოს გამოთქმული მოსაზრების ავტორს მისი დაკონკრეტება. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ მსგავსი ტერმინები ბუნდოვანი და სუბიექტურია, შესაბამისად სხვადასხვა ადამიანები  სხვადასხვაგვარად აღიქვამენ მათ.

აგრეთვე, თათბირზე თანამშრომლებს ხშირად მოჰყავთ ისეთი არგუმენტები, როგორიც არის: „სხვაგან ასე ხდება“, „ჩვენი ბიზნესის პრაქტიკაში მიჩნეულია რომ . . .“ და ა.შ. რაც სუბიექტური  და ბუნდოვანი არგუმენტებია და აგრეთვე საჭიროა მათი დაკონკრეტების მოთხოვნაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თათბირების მართვისას არის სიტყვის მიცემის მართვა. დღევანდელ რეალობაში საკმაოდ ხშირია თათბირები, რომლის დროსაც მონაწილეების უმეტესობა ერთდროულად ლაპარაკობს. შედეგად იხარჯება გაცილებით მეტი დრო, მონაწილეები იღლებიან და ხშირ შემთხვევაში ვერ იღებენ სწორ გადაწყვეტილებას. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები, სპიკერმა უნდა მართოს სიტყვის მიცემის თანმიმდევრობა. კარგი რჩევაა სპიკერმა გამოიყენოს ხელის აწევის პრინციპი და მისცეს ყველას სიტყვა ხელის აწევის თანმიმდევრობით.

არსებობს კიდევ ერთი საინტერესო წესი სიტყვის მიცემის თანმიმდევრობის მართვის შესახებ: სპიკერმა მიუხედავად იმისა თუ ვინ ასწევს პირველი ხელს, ხმა მაინც უნდა მისცემს იმ მონაწილეს, რომელიც ზის მისგან მარჯვნივ (და რომელმაც ასწია ხელი), ბუნებრივად თქვენც გაგიჩნდათ შეკითხვა რა არის ამ წესის უპირატესობა? მისი მთავარი მიზანი არის თათბირის მონაწილეების დისციპლინის გაზრდა. ასეთი წესით თათბირების მართვის დროს იზრდება თანამშრომლების მოთმინების უნარი და მოსმენის კულტურა, რაც საბოლოო ჯამში ზრდის თათბირის ჩატარების ხარისხს და სწორი გადაწყვეტილების მიღების ალბათობას.

| გააზიარე
მოგწონთ?