როგორ გავხდეთ ეფექტიანი თანამშრომელი?


ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ძალიან ბევრ ქართულ კომპანიასთან შეხება და ხშირად ვხვდებით ერთი და იმავე პრობლემას. მოცემული პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხელმძღვანელები ხშირად წუწუნებენ კადრების გამო, რომლებიც ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

საკმაოდ დიდი პრობლემაა ხელმძღვანელებსა და დაქვემდებარებულებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, მაგრამ ერთი რამ ცალსახაა. ნებისმიერი ხელმძღვანელი ძალიან კმაყოფილი იქნება, თუ მისი დაქვემდებარებული კარგად შეასრულებს თავის სამუშაოს.

ჩნდება კითხვა, რა არის მთავარი პრობლემა? მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხელმძღვანელებს უჭირთ სწორად ახსნა თანამშრომლებისთვის, თუ რას ეწოდება მათი გაგებით ზედმიწევნით კარგად შესრულებული სამუშაო. მათ არ აქვთ მკვეთრად ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

სხვადასხვა კომპანიებთან მიღებული გამოცდილებით მივედი ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე, რომ ნებისმიერი პოზიციის ადამიანისგან, იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სურვილი გახდეს უკეთესი და მაღალ დონეზე შეასრულოს სამუშაო, შესაძლებელია მაღალი შედეგების მიღება.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს ამოცანების ჩამოყალიბება, რომლის დროსაც საჭიროა თითოეულ გუნდის წევრს ჰქონდეს ფუნქციები. ეს არის ხარისხის მიზნები, რომელიც გულისხმობს, თუ როგორი ხარისხით უნდა გააკეთოს ესა თუ ის სამუშაო. ეს უნდა იყოს დროითი მიზნები, თუ რა ვადებში უნდა გაკეთდეს მოცემული დავალებები და ეს არის KPI-ები, რაც გულისხმობს, თუ როგორ მოხდება თანამშრომლის მიერ შესრულებული ამოცანების გაზომვა. ასევე კონტროლის მექანიზმები, თუ რა პერიოდულობით და როგორ იქნება გაკონტროლებული ყველაფერი, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ არ არის აუცილებელი ყველა დეტალური ფუნქცია კონტროლდებოდეს ხელმძღვანელობის მიერ.

ასევე აუცილებელია რეპორტინგის ნაწილიც, რომელიც არა დეტალურ ანგარიშს, არამედ ძირითადი ფუნქციების შესრულების შედეგებს უნდა მოიცავდეს, რათა ზემდგომი ორგანოები იყვნენ საქმის კურსში.

თუ თითოეულ თანამშრომელს აუწყობთ მსგავს სისტემას და ყველას ეცოდინება ფუნქცია, ვადა, ხარისხი, გაზომვის მაჩვენებლები, კონტროლის მექანიზმები და რეპორტინგის ნაწილი, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება და მათ მინიმუმ თავის მხრივ ექნებათ გარკვეული სამუშაო გეგმა. ერთადერთი კი კეთილი ნება იქნება დარჩენილი მათი მხრიდან, რომ ამ ყველაფრის მიხედვით იმუშაონ.

ინსტრუქციები ცვლის კომპანიის შედეგებს უკეთესობისკენ და თუ თქვენ დანერგავთ ამ ყველაფერს, თქვენი კომპანიის თანამშრომლების ეფექტიანობის გაზრდა, მინიმუმ 3-ჯერ იქნება შესაძლებელი, რაც დამეთანხმებით, რომ საკმაოდ კარგ შედეგებს მოუტანს საბოლოოდ კომპანიას.

| გააზიარე
მოგწონთ?