რა არის თქვენი თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი?!


მინდა ამ პოსტის დაწერა მისი სათაურით დავიწყო - რა არის თქვენი თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშნელოვანი? ხშირად ხელმძღვანელები არ ფიქრობენ ამ საკითხზე და არ აანალიზებენ იმას თუ რა 
სჭირდებათ მათ თანამშრომლებს.

მახსენდება ერთი საინტერესო კვლევა, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთ უდიდეს კორპორაციაში ჩაატარეს. კვლევა მდგომარეობდა შემდეგში: მკვლევარებმა გააკეთეს მოტივაციის ფაქტორების ჩამონათვალი და სთხოვეს მენეჯმენტსა და თანამშრომლებს ეს ფაქტორები დაელაგებინათ მათთვის მნიშვნელობის სიდიდის მიხედვით. კვლევის ავტორებმა საკმაოდ საინტერესო შედეგები მიიღეს: მენეჯმენტმა ხელფასი და ანაზღაურება პირველ ადგილზე დააყენა, ხოლო თანამშრომლებმა ხელფასი მესამე ადგილზე, ადამიანური ურთიერთობების და კარიერული ზრდის შესაძლებლობის შემდეგ. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები სამსახურში, განსაკუთრებით კი ურთიერთობები საკუთარ ხელმძღვანელებთან.

განაკუთრებით მინდა გამოვყო დაქვემდებარებულებთან ყურადღებიანი ურთიერთობა. ნუ დაგავიწყდებათ ლიდერის ეს უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელსაც განსაკუთრებით აფასებენ თქვენი თანამშრომლები. ყველა ადამიანს უყვარს, როცა ის გამორჩეულია. თუ თქვენ ელემენტარულად იცით მისი შვილის სახელი და მას სახელით მოიკითხავთ, ასეთ შემთხვევაში მშობელი გახარებული დარჩება და მთელი დღე შესაძლოა განსაკუთრებულად კარგ განწყობაზე იყოს (სულ მცირე ძალისხმევა თქვენი მხრიდან, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ძალიან ბევრი რამ). მოიკითხეთ თქვენი თანამშრომლები ყოველთვის, როცა გექნებათ ამის შესაძლებლობა და განსაკუთრებით მოიკითხეთ მაშინ, როდესაც ეს მათ სჭირდებათ, გარკვეული სიძნელეების გადატანის შემდეგ, მაგალითად: ოპერაციის, ოჯახური პრობლემების, ან რაიმე არასასიამოვნო შემთხვევის შემდეგ. წარმოიდგინეთ, როგორ ესიამოვნებათ თქვენს თანამშრომლებს თქვენი ასეთი დამოკიდებულება და როგორ შეიძლება ეწყინოთ მაშინ, როდესაც თქვენ ამას არ გააკეთებთ. გახსოვდეთ შუალედური ვარიანტი არ არსებობს, ან გაახარებთ, ან სამწუხაროდ, აწყენინებთ მათ.

მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც წლების წინ შემემთხვა. ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც არ იყო ჩემს პირდაპირ დაქვემდებარებაში, არამედ რამდენიმე იერარქიული საფეხურით ქვემოთ მუშაობდა, გახდა ავად. მისი ავადმყოფობის გაგების შემდეგ დავუკავშირდი ტელეფონით. მას ეგონა, რომ საქმესთან დაკავშირებულ საკითხზე ვურეკავდი და როცა ვუთხარი, რომ მე უბრალოდ მოსაკითხად დავურეკე ამ თანამშრომლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამ ისტორიას საინტერესო გაგრძელება აქვს, დაახლოებით 6 თვის შემდეგ მე გავხვდი ავად. ზემოთ აღნიშნულმა თანამშრომელმა დამირეკა და მომიკითხა, თავდაპირველად მეც მეგონა, რომ ის საქმეზე მირეკავდა, თუმცა მანაც იგივე მითხრა, უბრალოდ მინდოდა მომეკითხა როგორ გრძნობ თავსო. სიმართლე გითხრათ ეს ისე მესიამოვნა, რომ არასდროს არ დამავიწყდება.

მიაქციეთ რაც შეიძლება მეტი ყურადღება თქვენს თანამშრომლებს, დაეხმარეთ, უთანაგრძნეთ და გაუგეთ მათ. გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ გაცემული ყურადღების თითოეული წამი აამაღლებს თქვენი თანამშრომლების მოტივაციას და ისინი უფრო ბედნიერები იქნებიან. მათ გაუხარდებათ ყოველ დილით სამსახურში მოსვლა და რა თქმა უნდა გვერდით დაგიდგებიან დასახული მიზნების მიღწევაში. არ დაგავიწყდეთ, ძლიერ ლიდერს ძლიერი გუნდი სჭირდება, ეს კი წარმოუდგენელია მოტივირებული და ერთგული თანამშრომლების გარეშე.

| გააზიარე
მოგწონთ?