საუკეთესო ექიმები საქართველოში


დღეს მე მინდა მოგიყვეთ ორი ექიმის შესახებ, რომლებიც რეალურად არიან მეტი, ვიდრე მხოლოდ ექიმები.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სფერო არც თუ ისე კარგად განვითარებულია საქართველოში. სამწუხაროდ, აქ არ არის იმ დონის კონკურენცია, როგორც ბიზნესში, მიუხედავად იმისა, რომ ისიც თავის მხრივ ბიზნესია, რადგან ხდება გარკვეული სერვისების გაყიდვა და მათ სანაცვლოდ შემოსავლების მიღება. პირადად მე, მქონია ძალიან ცუდი გამოცდილება ექიმებთან მიმართებაში, რომლებიც ცდილობენ დამატებითი გამოგიწერონ და დაგალევინონ წამლები, რაც საერთოდ არ გჭირდება, გაგიკეთონ სრულიად უსარგებლო გადასხმები, ანტიბიოტიკები ან საერთოდ, დაგისვან არასწორი დიაგნოზი და ამის ხარჯზე, მიიღონ შემოსავლები.

სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში მინდა აქცენტი გავაკეთო იმ ორ ექიმზე, რომლებიც ამ ყველაფერზე მაღლა დგანან და უფრო მეტი არიან ჩემთვის, ვიდრე ექიმები. მათ შეძლეს და გააკეთეს ის, რაც ვერ მოახერხეს სხვებმა.

პირველი ექიმი, რომელზეც მსურს ვისაუბრო, არის ირაკლი ძიძიგური, რეაბილიტოლოგი, მანუალური თერაპიის სპეციალისტი. მაშინ, როდესაც მე დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ზურგის ტკივილებისგან ვიტანჯებოდი და სხვა ექიმები სრულიად არასწორ პროცედურებს მიტარებდნენ, ირაკლის შემთხვევაში ეს ყველაფერი განსხვავებულად მოხდა. მან დამისახა ყველაზე მნიშვნელოვანი. ის, რომ ზურგთან დაკავშირებული მკურნალობა არ არის ერთჯერადი მიდგომა. ჯანმრთელობა ეს არის მუდმივი პროცესი და არა შედეგი, რის გამოც უნდა შეცვალო ცხოვრების წესი. შედეგად, ირაკლიმ არა მხოლოდ მიმკურნალა ძალიან კარგად, არამედ მომცა ძალიან ბევრი რჩევა ჯანმრთელ ცხოვრებასთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი დამოკიდებულება და მიდგომაა პაციენტთან მნიშვნელოვანი.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ირაკლის ახასიათებს ერთი ძალიან კარგი თვისება, მას შეუძლია მოგიკითხოს. დიახ, მისი მკურნალობა არ სრულდება გარკვეული შედეგის მიღებით, მისი ხედვით ეს არის მუდმივი პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ გვერდში დაუდგეს პაციენტს. მან მასწავლა სწორი ვარჯიში, კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და შედეგად ჩემი დღევანდელი მდგომარეობა სწორედ მისი დამსახურებაა.  ყველას გირჩევთ, ვისაც მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, გაიაროთ კონსულტაცია მასთან, გაითვალისწინოთ რჩევები და გადაიტანოთ ისინი პრაქტიკაში.

მეორე ექიმი, ვის შესახებაც მსურს მოგიყვეთ, არის ნინო ორახელაშვილი, დერმატოლოგი. ეს არის ექიმი სრულიად განსხვავებული მიდგომებით პაციენტებთან მიმართებაში.

ზოგადად, დერმატოლოგია საკმაოდ რთული სფეროა და სხვადასხვა პრობლემები სხვადასხვა ფაქტორებით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ შემთხვევაშიც მე მსგავსი პრობლემა შემექმნა და წინა ორმა ექიმმა, ვისაც გარკვეული პრობლემით მივმართე არ ჩაატარა ის დეტალური და ხანგრძლივი ანალიზი, რაც ნინომ გააკეთა იმის მიუხედავად, რომ მე ძალიან სწრაფად მჭირდებოდა პასუხი. ყველაზე გასაკვირი კი იყო ის, რომ მან დამინიშნა ძალიან მარტივი და თანამედროვე მკურნალობის კურსი, ამით კი მაშინვე დავრწმუნდი, თუ როგორ განსხვავდებოდა ის სხვა ექიმებისგან.

თავიდან გარკვეული ეჭვიც კი მეპარებოდა, თუ როგორ შეიძლებოდა მხოლოდ ორი წამლის დანიშვნით და სისტემატიური მკურნალობით გამოჯანმრთელება, თუმცა დავრწმუნდი, რომ თუნდაც მინიმალური ჩარევით, შეიძლება ყველაფერი კარგად წავიდეს ჯანმრთელობის მხრივ, იმ შემთხვევაში თუ საქმე გაქვს პაციენტზე და არა ფულზე ორიენტირებულ ექიმთან. რასაც ყველაზე ძალიან ვაფასებ არის ის, რომ ის არის ნამდვილი პროფესიონალი და მისთვის პრიორიტეტულია კმაყოფილი პაციენტი, ამისათვის კი ყოველთვის აკეთებს უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი ექიმი.

ბოლოს კი მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ექიმის, ირაკლის და ნინოს, სახით მყავს საიმედო მეგობრები, რომლებსაც შემიძლია ნებისმიერ დროს დავურეკო, ვკითხო რჩევა, ისინი კი მზად არიან დახმარებისთვის და ყოველთვის კომპეტენტურ პასუხს მაძლევენ ხოლმე.

მე ძალიან ვაფასებ მათ და  ვთვლი, რომ საქართველოში ყველა ექიმი უნდა ბაძავდეს მათ და ასე განსაკუთრებულად და ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოეპყრან თავიანთ პაციენტებს.

 

| გააზიარე
მოგწონთ?