მენეჯმენტი - პროფესია რომელიც ყველას სჭირდება


ყველა ადამიანი ირჩევს გარკვეულ პროფესიას, შემდეგ კი ცდილობს გახდეს წარმატებული არჩეულ სპეციალობაში. რეალობა ასეთია, კონკრეტულ სფეროში ძლიერ და წარმატებულ სპეციალისტს, მაგალითად გამოცდილ ექიმს, ადრე თუ გვიან აწინაურებენ და ის ხდება გარკვეული მიმართულების ხელმძღვანელი, იგივე სიტუაციაა ნებისმიერი სხვა პროფესიის შემთხვევაში: იურისტი, არქიტექტორი, თარჯიმანი, მარკეტოლოგი, ფინანსისტი და ა.შ. პროფესიონალი ადამიანი, რომელმაც მიაღწია გარკვეულ წარმატებებს კონკრეტულ სფეროში, დაწინაურდება და მას აბარებენ გარკვეულ მიმართულებებს ისე, რომ მას შეიძლება წარმოდგენა არ ჰქონდეს ხალხის მართვისათვის აუცილებელ მეთოდებზე, არ იცოდეს თუ როგორ განსაზღვროს, დაგეგმოს და მართოს კომპანიის (სტრუქტურული ერთეულის) მიმართულებების მიზნები და ამოცანები.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ასეთი გამოუცდელი და მენეჯერული უნარ-ჩვევების არმქონე ადამიანების უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია საკუთარი მცდარი ქმედებების სისწორეში, მათ არ გააჩნიათ სწავლის გაგრძელების სურვილი და არ ითვალისწინებენ კომპეტენტური ადამიანების აზრს. პირადად მეც არაერთხელ მქონია შეხება ისეთი სტილის დამწყებ მენეჯერებთან, რომელთათვის მიმიცია რჩევა თუ როგორ უნდა მიეღწიათ დასახული მიზნისთვის გარკვეულ სიტუაციაში, თუმცა ამ ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა არ გაითვალისწინა შეთავაზებული, აპრობირებული მეთოდები და ამით ისევ საკუთარ საქმეს ავნო.

სამწუხარო რეალობაა, თუმცა ფაქტია, რომ მენეჯმენტს ასწავლიან მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც სწავლობენ ბიზნეს სპეციალობებზე და ამ შემთხვევაშიც კი, მიღებული ცოდნის ხარისხი, როგორც წესი, საკმაოდ დაბალია. შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა მენეჯმენტი ისეთი საკითხია, რომელსაც ყველა სპეციალობის ადამიანი უნდა სწავლობდეს, რატომ? იმიტომ, რომ მენეჯმენტი საჭიროა ყველგან და ყველაფერში, იგივე შეიძლება ითქვას დროის მენეჯმენტსა და მოლაპარაკების ხელოვნებაზე. 

მინდა ვურჩიო ყველა მენეჯერს და ხელმძღვანელს, რომლის დაქვემდებარებაში რამდენიმე ადამიანი მაინც არის - აუცილებლად გაიარეთ მენეჯმენტის ტრენინგები, ან მინიმუმ წაიკითხეთ 3 წიგნი ამ მიმართულებით. მერწმუნეთ, შედეგი იქნება ძალიან კარგი. პირველი წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ მიხვდებით თუ რამდენ რამეს აკეთებდით არც თუ ისე კარგად და მიიღებთ რჩევას თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ყველა თანამშრომელი იყოს თქვენდამი ლოიალური. თუ მენეჯერი წარმატებულია, მაშინ მასთან მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა ყველა თანამშრომლისთვის. გამოცდილი მენეჯერის ხელში ისინი ხდებიან განსაკუთრებით მოტივირებულები, ეს კი ავტომატურად ზრდის თქვენი თანამშრომლების ეფექტურობას. საბოლოო ჯამში კი, თქვენი შეცვლილი ქცევა და მიდგომები დაგეხმარებათ უკეთესი შედეგების მიღწევაში და დამატებითი შემოსავლების გენერირებაში.

თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდათ სურვილი გახდეთ უკეთესი მენეჯერი, მაშინ შეგიძლიათ უბრალოდ დამიკავშირდეთ. მე შევეცდები დაგეხმაროთ პირველი ნაბიჯის გადადგმაში და გამოგიგზავნით საუკეთესო ელექტრონულ ან აუდიო წიგნს მენეჯმენტზე, რომელიც საგრძნობლად დაგეხმარებათ სასურველი შედეგების მიღწევაში. გისურვებთ წარმატებებს!

| გააზიარე
მოგწონთ?