როგორ შევქმნათ ძლიერი გუნდი?


ეს ყველა მენეჯერისათვის უდიდესი თავისტკივილია. ყველამ იცის, რომ ძლიერ გუნდს სასწაულების მოხდენა შეუძლია. ძლიერ და მოტივირებულ თანამშრომლებს არათანაბარ ბრძოლაში შეუძლიათ მოწინააღმდეგის დამარცხება. როგორ შევქმნათ გამარჯვებულების გუნდი? ამისათვის მენეჯერმა ბევრი რამ უნდა გააკეთოს. გავამახვილებ ყურადღებას რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ამოცანაზე. მეტი სიცხადისთვის ფეხბურთის მოყვარულებს შეუძლიათ ეს რჩევები გააიგივონ მწვრთნელის მოქმედებასთან.

1.  კონკურენტულ გარემოში გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლების პროფესიულ და პიროვნულ თვისებებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გუნდის კარგი თანამშრომლებით დაკომპლექტება. სამწუხაროდ შეუძლებელია ყველა პოზიციაზე ყოველთვის საუკეთესო კადრის ყოლა, თუმცა კარგი მენეჯერი მუდმივად უნდა ეძებდეს ახალ ტალანტებს.

2. გუნდს ესაჭიროება პერიოდული გადახალისება, ხშირ შემთხვევაში საჭიროა კადრების გამოცვლა. ამისათვის არსებოს კარგი რჩევა - აზროვნება ნულოვანი ზღვრიდან, რაც ნიშნავს საკუთარი თავისთვის შემდეგი შეკითხვის დასმას - “თავიდანვე ავიყვანდი თუ არა ამ თანამშრომელს, რომ მქონოდა მის შესახებ ის ინფორმაცია რაც დღეს მაქვს?“. ან მეორე ვარიანტი, წარმოიდგინეთ თქვენ გადახვედით კონკურენტთან სამუშაოდ, დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა თუ ვის წაიყვანდით თქვენი არსებული თანამშრომლებიდან თქვენთან ერთად სამუშაოდ. ორივე ეს შეკითხვა დაგეხმარებათ გააანალიზოთ და გაიგოთ იმ გუნდის წევრების შესახებ რომელთა შედეგიანობა თქვენ არ მოგწონთ და მიიღოთ გადაწყვეტილება ამ ადამინების გაშვების შესახებ. (ტრანსფერზე დაყენების შესახებ თუ მოვიშველიებთ საფეხბურთო ტერმინოლოგიას :) )

3. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ ერთი და იგივე თვისებები, თუმცა ჩემი აზრით გუნდი უფრო ძლიერია მაშინ, როდესაც მისი წევრები კონკურენციის ნაცვლად დადებითი თვისებებით ავსებენ ერთმანეთს. (თუმცა ფარული კონკურენციაც საჭიროა)

4. მას შემდეგ, რაც გუნდს დააკომპლექტებთ ვარსკვლავებითა და ტალანტებით, დროა  იზრუნოთ კოლექტივის შეკვრაზე. ამისათვის უპირველესია სწორი ხედვისა და მიზნის დასახვა, რომლის შესრულებას ყველა ერთობლივი ძალით შეეცდება. ჩემი რჩევაა კომპანიაში შეიქმნას მუშაობის გარკვეული წესები, რომელთა მიხედვით იმუშავებენ ადამიანები. ეს არის კომპანიის ერთგვარი კონსტიტუცია (ის გაცილებით მეტი უნდა იყოს ვიდრე უბრალოდ შინაგანაწესი), რომელიც ყველამ უნდა დაიცვას და მხოლოდ ამ წესების მიხედვით შეასრულოს ესა თუ ის ქმედება.

5. ადამიანთა რესურსების მართვის მენეჯერთა უმრავლესობა გუნდურობის ჩამოსაყალიბებელ ფაქტორებად ძირითადად სხვადასხვა სახის მამოტივირებელ (გასართობ) ღონისძიებებს მოიაზრებს. რა თქმა უნდა ეს კარგია, თუმცა მეორეხარისხოვანი. იმისათვის, რომ შეკრათ კარგი გუნდი, საჭიროა ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამის გაკეთება შესაძლებელია მენეჯმენტის მიერ სწორი პრინციპის დანერგვით. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ტოპ მენეჯმენტის ყველა წევრი  იზიარებდეს ამ პრინციპს, შემდეგ კი მის დაქვემდებარებულებს შორის ნერგავდეს ამ წესებს და აკონტროლებდეს მათი შესრულების ხარისხს. ასევე მნიშვნელოვანია მენეჯერმა აკონტროლოს მისი თითოეული ნაბიჯი და თანამშრომლებს არ მისცეს ცუდი მაგალითი.

გაგრძელება იქნება  . . .

| გააზიარე
მოგწონთ?