რატომ ვერ ასრულებენ თანამშრომლები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს


ყველა ხელმძღვანელს აწუხებს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - აკვირდებიან საკუთარ თანამშრომლებს, ხედავენ რომ ზოგიერთი მათგანი საქმეს კარგად აკეთებს, თუმცა მეორენი ეფექტურად ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. ისმის კითხვა - რატომ ხდება ასე? სტანდარტული დონის მენეჯერები იწყებენ თანამშრომლის დადანაშაულებას ამ პრობლემაში. ფიქრობენ, რომ ისინი არ არიან მათთვის შესაფერისნი და საჭიროა მათი შეცვლა. თუმცა ეს პროცესი ჰგავს ოპერაციას, როცა იშორებთ დაავადებულ ორგანოს და არ აკეთებთ იმ მიზეზების გამოკვლევას და პრევენციას, რამაც განაპირობა ეს ყველაფერი.

რეალურად არსებობს 3 მიზეზი, თუ რატომ ვერ ახერხებს თანამშრომელი დაკისრებულ სამუშაოებისთვის თავის გართმევას. თუმცა იმისათვის, რომ გავარკვიოთ რომელია ეს კონკრეტული სამი მიზეზი, უნდა ჩამოვწეროთ ყველა ინდივიდუალური შესაძლებლობა, რადგან ყველა ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული მიზეზები, თუ რატომ არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს. ახლა რომ დაიწყოთ ამ იდეების ჩამოწერა, დაახლოებით 30-40  მიზეზს მაინც აღმოაჩენთ.

ამ მიზეზების დაჯგუფება შეიძლება 3  მათგანში: თანამშრომელი ვერ აკეთებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რადგან არ აქვს შესაბამისი ცოდნა, არ აქვს შესაბამისი მოტივაცია, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ფინანსური მოტივაცია, ეს მოიცავს მორალურ მოტივაციასაც, რაც მნიშვნელოვანია საქმის ეფექტურად შესრულებისთვის და მესამე ეს არის დელეგირება - თანამშრომლები ვერ აკეთებენ დაკისრებულ საქმეებს, რადგან არასწორი დელეგირების გამო არ იციან რა, როგორ და რა ვადებში უნდა გააკეთონ.

იმისათვის, რომ აღმოფხვრათ ეს პრობლემა, პრინციპი მარტივია - გამოარკვიეთ ამ სამი მიზეზიდან რომელია თქვენი თანამშრომლის პრობლემა და დაგეგმეთ მისი გამოსწორების გზები.

აგრეთვე სამწუხარო ფაქტია, რომ თითოეულ შემთხვევაში ხელმძღვანელები ადანაშაულებენ თანამშრომელს, მაგრამ რეალურად თანამშრომლის გაშვება იმ მიზეზის გამო, რომ ეფექტურად ვერ აკეთებს საქმეს, არასწორია. პირველ რიგში თქვენს თავს უნდა დაუსვათ კითხვა - მე გავაკეთე თუ არა ყველაფერი იმისათვის, რომ ჩემს თანამშრომელს ეფექტურად ემუშავა? თუ ამას ვერ ახერხებს დაფიქრდით, რამდენად აქვს მას ამ საქმის შესრულებისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები. თუ მას არ აქვს შესაბამისი ცოდნა და თქვენ ავალებთ ამის გაკეთებას, საქმის ცუდად შესრულება თქვენი ბრალია. ამიტომ უნდა დაისახოთ მიზანი - გაზარდოთ თანამშრომელთა კვალიფიკაცია, მათი ცოდნა და უნარები.

აკლია მოტივაცია?

გაარკვიეთ რაშია პრობლემა, მოტივაცია აკლია თუ ზოგადად დემოტივირებულია. შეეცადეთ, რომ აუმაღლოთ განწობა თქვენს თანამშრომლებს, რომ უფრო მეტად მონდომებულნი იყვნენ ისინი. თუ დელეგირების პრობლემაა და თანამშრომელი ვერ იგებს მუშაობის პრინციპებს, შეისწავლეთ როგორ მოახდინოთ ეფექტური დელეგირება, პრაქტიკაში განახორციელეთ ის, შემდეგ კი აუცილებლად გადაამოწმეთ თანამშრომელთან რამდენად კარგად გაიგო ყველაფერი.

ამ პრინციპების დანერგვით თქვენ შეძლებთ საკმაოდ ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას, რაც დაგეხმარებათ ეფექტურად შეასრულონ თანამშრომლებმა მათზე დაკისრებული სამუშაოები.

 

| გააზიარე
მოგწონთ?