როგორ შევქმნათ წარმატებული სარესტორნო ბიზნესი?


მე და ჩემს გუნდს გვქონია შეხება არაერთ სარესტორნო ბიზნესთან, გვიმუშავია ბევრ კომპანიასთან და მიგვიცია საკმაოდ სასარგებლო რჩევებიც, სწორედ ამიტომ, დღეს მსურს გაგიზიაროთ ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება.

ქართულ ბაზარს რესტორნებთან და კაფეებთან მიმართებაში აქვს გარკვეული ქცევა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გახსნიდან პირველ ორ თვეს, რომლებიც ფაქტობრივად გადამწყვეტია. სწორედ ამ პერიოდში შეგიძლია დაინახო მომავალში რამდენად მომგებიანი იქნება ამ ბიზნესის განვითარება.

ეს საკმაოდ სპეციფიკური სფეროა, შესაბამისად მოგცემთ რამდენიმე რჩევას ამ მიმართულებით:

ქართველები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ როგორც ვიზუალს, კონცეფციას, ასევე საჭმლის ხარისხს. ბევრი ბიზნესმენი ცდილობს გააკეთოს მაღალი დონის რესტორანი, სადაც იქნება მაღალი დონის საკვები და მომსახურება, იქნება ცენტრალურ ადგილზე და ა.შ. მაგრამ რეალურად, ასეთ დროს მომხმარებელი შემოდის და პირველი შთაბეჭდილების მიხედვით ფიქრობს, რომ კარგია, მაგრამ ძვირია.

თუ თქვენს რესტორანს ან კაფეს მომხმარებელმა მსგავსი ,,იარლიყი მიაწება“, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა ამ ბიზნესში. ასეთ დროს ადამიანები, რომლებიც მსგავსად ფიქრობენ თქვენს რესტორანზე, ამ ინფორმაციას ავრცელებენ მეგობრებშიც, ახლობლებშიც და იქმნება ძვირიანის იმიჯი. შესაბამისად, აღარავინ ცდილობს მოვიდეს თქვენთან და დააგემოვნოს თქვენი კერძები.

რატომ ხდება ასე?

მიზეზი ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ძლიერი ფინანსურად და საშუალო შემოსავალი საკმაოდ დაბალია, შესაბამისად, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, იძულებული ვართ ფასები გავხადოთ კონკურენტული. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რა თქმა უნდა, არსებობს მაღალი შემოსავლების სეგმენტიც, თუმცა ისინი არ დადიან ყოველდღიურად რესტორანში. აქედან გამომდინარე, ძვირიან რესტორნებზე მოთხოვნა არც ისე მაღალია და ძირითადი აქცენტი შეიძლება ტურისტულ სეზონზე იყოს. ტურისტებზე გათვლა უფრო ეფექტური იქნება თუ აქცენტს ექსტრამომგებიანობაზე გააკეთებთ, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ ადგილობრივი მაცხოვრებლები. სწორედ ამ სეგმენტზე ორიენტირებით უნდა მიიღოთ ძირითადი შემოსავალი.

აქედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტთ გახსნათ რესტორანი, გახსოვდეთ, რომ ვიზუალს აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა მთავარი პრინციპი ასეთია. არ გადააჭარბოთ იმდენად, რომ ერთი შეხედვით თქვენი რესტორანი საკმაოდ ძვირიან ადგილად გამოიყურებოდეს. მთავარია, რომ შექმნათ სასიამოვნო და მომხიბვლელი გარემო, ფასები კი დააწესოთ კონკურენტული ან ცოტა დაბალიც კი. ხოლო როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ შეატყობთ, რომ მოთხოვნა იზრდება, სრულებით შესაძლებელია გაზარდოთ ფასი გარკვეულ პროდუქტებზე. არ შექმნათ მხოლოდ რესტორანი, შექმენით ბრენდი როცა დებთ დიდ ინვესტიციას რესტორნის შენობაში არ დაგავიწყდეთ, რომ ბრენდინგშიც არის საჭირო გარკვეული ინვესტიციების განხორციელება.

ასევე ეცადეთ, პირველი ორი თვე აქტიურად ჩაერთოთ თქვენი რესტორნის პოპულარიზაციაში, მარკეტინგული მხარდაჭერით ეცადოთ მის გაცნობას საზოგადოებისთვის და შექმნათ ბრენდი, რომლის ირგვლივაც გააკეთებთ კომუნიკაციას. ხოლო სწორი სერვისისა და კომუნიკაციის ფონზე, აუცილებლად იქნება თქვენი ბიზნესი წარმატებული.

| გააზიარე
მოგწონთ?