აღიარეთ, რომ თქვენს კომპანიას აქვს პრობლემები


კლიენტი თანამედროვე ბიზნესის მეფეა და რეალურად, ყველა კომპანია უნდა აღიარებდეს ამას. ყოველდღიურად უნდა ვიმუშავოთ იმისათვის, რომ კლიენტები გახდენენ უფრო მეტად ლოიალურები, კმაყოფილები, ერთგულები და იქცნენ კომპანიის მუდმივ კლიენტებად. ამასთან, ბევრი კომპანია არ ფიქრობს იმაზე, რომ დღევანდელი კეთილდღეობა არ ნიშნავს ავტომატურ კეთილდღეობას მომავალშიც. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არსებობენ კონკურენტები, რომლებიც ყოველთვის ნადირობენ ჩვენს კლიენტებზე და შესაბამისად თუ ჩვენ მოვადუნებთ ყურადღებას, კონკურენტები აუცილებლად  წაგვართმევენ მათ.

სხვათაშორის ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო  შესაძლებლობაა არსებული  ბიზნეს ინდუსტრიების ანალიზი, სადაც მკვეთრად ჩანს, რომ არიან ლიდერი კომპანიები, რომლებიც არ აქცევენ სათანადო ყურადღებას თავის კლიენტებს და ამ საკითხზე რეაგირების არც საშუალება  აქვთ და არც სურვილი. ამ შემთხვევაში ჩნდება ძალიან  მარტივი იდეა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ  გააკეთოთ ბიზნესი  და დაიწყო კონკურენცია სწორედ ამ ტიპის კომპანიებთან, რომელთაც არ ჰყავთ შესაბამისი რაოდენობის ლოიალური კლიენტები და ამ კლიენტების  გადმოყვანა ძალიან  მარტივი იქნება.

იცით, რაში მდგომარეობს  ქართული კომპანიების მთავარი პრობლემა? ეს არის ის, რომ  ისინი არ აღიარებენ, რომ კლიენტების მომსახურების თვალსაზრისით აქვთ პრობლემა და თვლიან, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა, მაგრამ როგორც კი ვიფიქრებთ რომ ყველაფერი გვაქვს ძალიან კარგად, მაშინვე  ვიწყებთ მოდუნებას, გვავიწყდება, რომ ჩვენ გვჭირდება განვითარება, სიახლეებზე ორიენტირება  და კლიენტების კმაყოფილების გაზრდაზე ზრუნვა. ამაზე უბრალოდ არ ვფიქრობთ  და ამ დროს კონკურენტები აქტიურდებიან, ან თვითონ კლიენტები იმდენად უკმაყოფილოები არიან  ჩვენი, როგორც კომპანიის თვითკმაყოფილებით, რომ ისინი თვითონ იწყებენ სხვა სერვის მომწოდებლების ძებნას. ამ დროს  ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ ვაღიაროთ  პრობლემის არსებობა.  ყოველთვის უნდა დავაფიქსიროთ,  რომ გვაქვს პრობლემები, რადგან   პრობლემები ყოველთვის არსებობს. წარმოუდგენელია ბიზნესი პრობლემების გარეშე.  მთავარია ვაღიაროთ ეს და დავიწყოთ ამ პრობლემის ძიება, რადგან  რეალურად კომპანიის განვითარება ხდება მუდმივ ძიებაში, ხარვეზების დახვეწასა და  სიახლეებში.

თუ მუდმივად იქნებით ფოკუსირებული  კლიენტების საჭიროებების  და სურვილების დაკმაყოფილებაზე და  მათი ლოიალურობის გაზრდაზე, მაშინ თქვენ შეძლებთ გაზარდოთ გრძელვადიან პერიოდში მათი რიცხვი.  ბოლოს კი აღსანიშნავია,  რომ ბიზნესმენების უმეტესობა ფიქრობს, რომ კომპანიის მთავარი მიზანი  მოგების მოტანაა, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის, კომპანიის მთავარი მიზანი ლოიალური კლიენტების შექმნაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ  სწორედ ისინი უზრუნველყოფენ კომპანიაში გრძელვადიან და  სტაბილურ შემოსავლებს.   
 

| გააზიარე
მოგწონთ?