იზრუნეთ თქვენი თანამშრომლების განვითარებაზე


ხელმძღვანელების უმრავლესობა დღესდღეობით ფიქრობს, რომ არ არის შესაძლებელი თანამშრომლებს ასწავლონ მუშაობა უფრო მაღალ დონეზე იმ პოზიციაზე, რაზეც ისინი იმყოფებიან. ისინი თვლიან, რომ სხვადასხვა უნარებიდან, შესაძლებლობებიდან ან გარემოებებიდან გამომდინარე ვერ განვითარდებიან ასეთი თანამშრომლები, მეტს ვერ გააკეთებენ და უკეთ ვერ შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

საბედნიეროდ, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია. სინამდვილეში, თანამშრომელისთვის ამ ყველაფრის სწავლება შესაძლებელია და ამის გაკეთება დიდი ძალისხმების გარეშეც შეგიძლიათ. ამ დროს უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ მას აუხსნათ, თუ როგორ გსურთ იმუშაოს მან ამა თუ იმ პოზიციაზე.

ჩვენს გუნდს არა ერთ კომპანიასთან ჰქონია ამ მხრივ შეხება და გაგვიკეთებია ძალიან საინტერესო პროექტები, რაც რეალურად დიდი სიძნელესთან არ არის დაკავშირებული. უბრალოდ, ამ დროს ემუშავები თოთოეულ თანამშრომელს და მიჰყვები ბოლომდე, რათა გაარკვიო, როგორი ხარისხით უნდა შეასრულოს ესა თუ ის ფუნქცია, რა ვადაში უნდა მოახერხოს ეს, როგორ უნდა გააკონტროლოს, რას უნდა მიაღწიოს მან და რა შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ეს საქმე მაღალ დონეზეა შესრულებული.

აგრეთვე მნიშვნელოვანია რეპორტინგის ნაწილი. თუ ხელმძღვანელი დაუჯდება თანამშრომელს და აუხსნის რა და როგორ უნდა გააკეთოს, ის გაცილებით კარგ შედეგებს მიიღებს მოცემული თანამშრომლისგან და საბოლოოდ, მთელი გუნდისგან.

პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ მეც მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემს უფროსებს ჩემთვის მოუმართავთ და უთქვამთ, რომ თავად ჩამომეწერა შესაბამისი ფუნქციები. მსგავსი რამ არასწორია, თუნდაც როდესაც ვაკანსია ჩნდება, ან როდესაც გარკვეულ პოზიციაზე ნიშნავ ადამიანს, უნდა უთხრა რა არის ის მინიმალური ფუნქციები მაინც, რაც მან უნდა შეასრულოს.

ამის გარეშე, თანამშრომლებს ერთგვარ გაურკვევლობაში აყენებ, როდესაც არ იცის ზუსტად რა შედის მისი პასუხისმგებლობების ფარგლებში და ამავდროულად, შეიძლება არც ის იცის, თუ როგორ უნდა გააკეთოს ესა თუ ის საქმე.

შესაბამისად, დაფიქრდით, რა სიტუაციაა ამ მხრივ თქვენს კომპანიაში, რამდენად ნათელია თითოეული თანამშრომლისთვის ის ყველაფერი, რისი კეთებაც უწევს, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ იკარგება მათი პოტენციალი. ასევე დაფიქრდით, რამდენად არის შესაძლებელი იმ ყველაფრის გაუმჯობესება, რასაც ახლა აკეთებენ და მიუდექით ამ საკითხს სერიოზულად.

გახსოვდეთ, რომ თანამშრომლების განვითარება ყოველთვის შესაძლებელია და ეს თქვენს მიდგომებზეა დამოკიდებული. იზრუნეთ ამ საკითხზე, რადგან ისინი არიან კომპანიის ის ძირითადი რესურსი, რომელიც მის მომავალს განაპირობებს.

| გააზიარე
მოგწონთ?