ხარისხის კონტროლი


ხარისხი არის ყველა კომპანიის წარმატების საფუძველი. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება, რომ მხოლოდ წარმოებული პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის შიდა პროცესებიც და ყველა, მათ შორის ელემენტარული მოქმედებაც კი იყოს ხარისხიანი. თითოეულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს ერთიანი ხედვა, რომ მათ მიერ ხარისხიანად შესრულებული სამუშაო წარმატებას მოუტანს მათსავე კომპანიას და პირადად მათ. ხარისხიანი კომპანია ხდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, რაც საბოლოო ჯამში, მის კონკურენტულ უპირატესობად გადაიქცევა.

ბუნებრივია, ბიზნეს პროცესებში არსებობს სხვადასხვა წუნი, დეფექტი, შესაბამისი ხარისხიდან გადახრა. იმისათვის, რომ დროულად აღმოვაჩინოთ ხარვეზი, მნიშვნელოვანია კომპანიაში ხარისხის კონტროლის ფუნქციის შექმნა. ეს ფუნქცია არ გულისხმობს დამნაშავის მოძებნას და მის დასჯას, არამედ მისი ძირითადი მიზანი არის პრობლემების, ხარვეზების აღმოჩენა და მათი გამოსწორების რეკომენდაციების მომზადება.

განვიხილოთ ხარისხის შემცირების ძირითადი მიზეზები, ესენია:
 

1.ადამიანური შეცდომები - როგორ წესი, ყველაზე ხშირად, სწორედ ეს პრობლემები იწვევს კომპანიაში ხარისხის შემცირებას;

2.მექანიკური, ტექნოლოგიური შეცდომები - როგორც წესი, ასეთი ხარვეზები გამოწვეულია დანადგარების და სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გაუმართაობით;

3.უხარისხო მასალები - ბუნებრივია, პროდუქციის საწარმოებლად თუ გამოიყენებთ დაბალი ხარისხის მასალებს, შედეგად გარანტირებულად დაბალი ხარისხის პროდუქტს მიიღებთ.

4.ოპერაციული შეცდომები - როგორც წესი, გამოწვეულია შესაბამისი წესების და სტანდარტების არქონით, ან მათი ცუდი ხარისხით, ამ შემთხვევაშიც საბოლოო პროდუქტიც დაბალ ხარისხიანი იქნება.

5.მონიტორინგის სისტემის არქონით - ძალიან ბევრ კომპანიას არ აქვს კონტროლის სისტემები, შესაბამისად მათთვის რთულია აღმოაჩინონ შეცდომები და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება მოახდინონ.


ზოგადად, ხარისხის კონტროლის სისტემა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: ეს არის პროდუქტისა და პროცესის მონიტორინგი და დაწესებულ ხარისხთან მისი შესაბამისობის შემოწმება. ამ ორი მიმართულების კონტროლის სისტემა მსგავსია, თუმცა უშუალოდ მონიტორინგის პროცესში არის განსხვავება.

კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტის ხარისხის შემოწმების დროს, არ არის აუცილებელი ყველა პროდუქტის ინდივიდუალურად შემოწმება, ეს ყველაფერი დიდ ფულად და დროით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ, კონტროლი უნდა განხორციელდეს შემთხვევითი შერჩევის წესით.

პროდუქციის/პროცესების შემოწმება უნდა მოხდეს შემდეგი 8 ნაბიჯის მიხედვით:
 

1.შეარჩიეთ შესამოწმებელი პროდუქტი/პროცესი;

2.გახსოვდეთ, რომ წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული პროდუქტის ხარისხის დონე/პროცედურის სტანდარტი;

3.შეადგინეთ კონტროლის გეგმა;

4.დაიწყეთ შემოწმება შერჩევითობის პრინციპით პროდუქციის შემთხვევაში, ხოლო პროცესის შემოწმებისას განახორციელეთ პროცედურის ყველა ნაბიჯის მონიტორინგი;

5.შეადარეთ შედეგები განსაზღვრულ ხარისხობრივ მიზნებს;

6.მოამზადეთ პრობლემების აღმოფხვრის რეკომენდაციები;

7.გააკონტროლეთ რეკომენდაციების შესრულება;

8.გაიმეორეთ ყველაფერი თავიდან.

| გააზიარე
მოგწონთ?