რატომ უნდა შევქმნათ ძლიერი ბრენდი?


დღევანდელ სტატიაში მინდა ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც კომპანიის წარმატებას და მისი მოგების ზრდას განაპირობებს.

საინტერესოა, რატომ ვყიდულობთ ჩვენ ამა თუ იმ პროდუქტს? ამ კითხვაზე გაცემული მარტივი პასუხი, რომ საქმე მოცემული პროდუქტის მახასიათებლებშია, არ არის საკმარისი, რადგან რეალურად, ეს არ არის ის ერთადერთი ფაქტორი, რაც პროდუქტის არჩევას განაპირობებს.

ერთ-ერთი მთავარი მოქმედი მოტივატორი პროდუქციის ყიდვისას, მისი სახელია. რა თქმა უნდა, ბრენდზე საუბრის დროს შეიძლება ძალიან შორს წავიდეთ და საკმაოდ ბევრ ასპექტზე გავამახვილოთ ყურადღება, თუმცა პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ აღიქვამს თითოეული მომხმარებელი ამა თუ იმ ბრენდს გონებაში.

მოდით წარმოვიდგინოთ, რომ შევდივართ მაღაზიაში და ვყიდულობთ მაკარონს. იქ გვხვდება ორი ტიპის მაკარონი, დაუფასოებელი და ბრენდირებული. ბრენდირებული მაკარონი ყოველთვის უფრო ძვირადღირებულია, რადგან აქ თანხის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, მის ბრენდად ჩამოყალიბებას ხმარდება. ამავდროულად ბრენდირებული მაკარონი შეიძლება იყოს ზუსტად იგივე, რაც დაუფასოებელი.

როდესაც ჩვენ ვარჩევთ ამა თუ იმ პროდუქტს, ჩვენი საბოლოო არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ბრენდია ჩვენთვის ნაცნობი. ყოველთვის უფრო რთულია ისეთი ბრენდის პროდუქტის შეძენა, რომელზეც არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, თუ სად იწარმოება, რა უპირატესობა, რა გამოცდილება და კლიენტების უკუკავშირი აქვს.

ბრენდის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი და იმავე პროდუქციას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი იმ ბრენდის ქვეშ არის მოქცეული, რომელზეც მომხმარებელს საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვს.

არაერთი კომპანია ყიდულობს პროდუქტს, რომელიც დაუფასოებელია და რომელიც სხვადასხვა ქარხნების მიერ იწარმოება, მათ შორის ჩინეთის ქარხნებში და ერთსა და იმავე პროდუქციას, სხვადასხვა ბრენდის მფლობელები, სხვადასხვა სახელს აწერენ. გამოდის, რომ იდენტური სახეობის პროდუქტი სხვადასხვა ფასად იყიდება. თუნდაც მსგავსია წამლები, სხვადასხვა სახის ტექნიკა, საკვები როდესაც ისინი სხვადასხვა მარკეტინგული მხარდაჭერის ფონზე, განსხვავებულადაა შეფასებული.

 

რა უნდა გააკეთოს კომპანიამ ამ დროს იმისათვის, რომ გაზარდოს მოგება?

კომპანიამ უნდა განსაზღვროს, თუ როგორ უნდა ასოცირდებოდეს მომხმარებლის გონებაში და დაიწყოს მოქმედება იმისკენ, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავოს იქ. ბრენდი უნდა ასოცირდებოდეს ყველაფერ იმასთან, რაც ძალიან სჭირდება მისი პროდუქციის მომხმარებელს. ხოლო თუ თქვენ შექმნით ძლიერ ბრენდს, ეს აუცილებლად მოგიტანთ გაზრდილ მოგებას მას შემდეგ, რაც ის გახდება უფრო ცნობადი და მოწინავე პოზიციებს დაიკავებს კონკურენტებთან შედარებით მომხმარებლის გონებაში და რაც მთავარია, როგორც წესი, კლიენტები უფრო მეტ თანხას იხდიან სანდო და ცნობადი ბრენდის მიერ წარმოებულ პროდუქციაში.

| გააზიარე
მოგწონთ?