როგორ შევარჩიოთ მარკეტინგული კომუნიკაციები სწორად?


კომპანიების მიერ სწორ მარკეტინგულ კომუნიკაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. დღეს მე მსურს ვისაუბრო, თუ რა უნდა გაითვალისწინოს თანამედროვე ბიზნესში თანამედროვე მენეჯერმა, რათა ეს არხები სწორად გამოიყენოს.

გთავაზობთ ერთ მთავარ იდეას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაგაფიქრებთ და მოგცემთ საშუალებას, არ დაუშვათ ერთი და იმავე ტიპის შეცდომები.

სამწუხაროდ საქართველოში გვხვდება კომპანიები, რომლებიც ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ მარკეტინგული კომუნიკაციის სხვადასხვა მიმართულებას. რა თქმა უნდა, არხები და შესაძლებლობები ძალიან ბევრია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარკეტინგი იყოფა ორ მთავარ მიმართულებად: საიმიჯო მარკეტინგულ კამპანიად და ახალი კლიენტების მოზიდვისთვის გამიზნულ კამპანიად.

ხშირ შემთხვევაში, ქართველი მენეჯერები ორიენტირებულნი არიან საიმიჯო კამპანიებზე, მაგალითად, გეგმავენ პიარ კამპანიებს, ატარებენ ივენთებს, იღებენ კლიპებს. ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ ძლეირი ბრენდის შექმნით მათთან კლიენტები აუცილებლად მივლენ, თუმცა სამწუხაროდ, მომხმარებლები სხვაგვარად ფიქრობენ. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კომპანია ან მისი პროდუქტი ძალიან კარგია, მოსწონს უმრავლესობას, ბრენდის სიძლიერეც ნათელია, გარკვეული კატეგორიებისთვის საინტერესოა და ა.შ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გაიზრდება მომხმარებელთა რაოდენობა.

როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? საქმე იმაშია, რომ თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, რა შედეგი გსურთ მიიღოთ გარკვეული მარკეტინგული კომუნიკაციის ბოლოს. შესაბამისად, თუ თქვენ გსურთ ახალი კლიენტები, უნდა ფოკუსირდეთ გაყიდვების მიმართულებაზე. დაგეგმოთ ისეთი კომუნიკაცია, რომელიც პირდაპირ იქნება ორიენტირებული გაყიდვების გაზრდაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ აქ არ იგულისხმება მხოლოდ გაყიდვების გასაზრდელ მიმართულებაზე ფოკუსირება და იმიჯის ირგვლივ არანაირი აქტივობის ჩატარება, პირიქით, აუცილებელია, რომ  ორივე მიმართულებაზე თანაბრად გადანაწილდეს ყურადღება.

როდესაც გადაწყვეტთ რაიმე კამპანიის გაკეთებას, დაფიქრდით, თუ რა მიზნის მიღწევა გინდათ. თუ თქვენ გსურთ გაყიდვების გაზრდა, ნუ გააკეთებთ საიმიჯო კლიპს ან ზოგადად კამპანიას, რადგან შეიძლება გარკვეული რესურსები ტყუილად დახარჯოთ და ეს არც ისე კარგად დამთავრდეს, როგორც ელოდით.

ჯერ განსაზღვრეთ თქვენი კომპანიის მარკეტინგული მიზნები, შემდეგ გადადით მეორე ნაწილზე, რომელიც უშუალოდ აღსრულებას გულისხმობს და ის არხები გამოიყენეთ, რომლებიც უფრო მეტად დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში.

| გააზიარე
მოგწონთ?