რა სიტყვებთან ასოცირდება თქვენი კომპანია?


დღეს მინდა ვისაუბრო კიდევ ერთ მნიშვნელოვან მარკეტინგულ საკითხზე, რომლის პრაქტიკაში დანერგვის შემდეგ შესაძლებელია თქვენი კომპანიის მოგების ზრდა. საუბარი მაქვს ერთ ფაქტორზე, რომელიც რადიკალურად ცვლის კლიენტების დამოკიდებულებას თქვენი კომპანიისადმი. ეს არის სიტყვები, რომლებთანაც ასოცირდება თქვენი კომპანია.

სამწუხაროა, თუმცა ბევრი კომპანიის ხელმძღვანელი ან მარკეტინგის მენეჯერი არ ფლობს ინფორმაციას ან უბრალოდ სადღაც აქვს წაკითხული, რომ მნიშვნელოვანია კომპანია იყოს ასოცირებული გარკვეულ სიტყვებთან, თუმცა ამ ყველაფერს არ იყენებს პრაქტიკაში. ანუ გვაქვს კომპანია, თუმცა არ ვეხმარებით მომხმარებელს კომპანიის ხსენებისას გაახსენდეს ზუსტად ის სიტყვები, რაც ჩვენ გვინდა. შესაბამისად, თუ მას არ გაახსენდება ის რაც გვსურს გაახსენდეს, არ იფიქრებს და არ მიიღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს სასარგებლოდ. არ იქნება ჩვენი ლოალური, არ შეიძენს ჩვენს პროდუქციას და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს მოგებაზეც ცუდად აისახება.

მიზანმიმართული მარკეტინგული აქტივობა და კამპანია, რომლის მიზანია პოტენციური მომხმარებლის გონებაში გარკვეული სიტყვების ჩაბეჭდვა და მათთან ასოცირება, სწორი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან. შედეგად, ჩვენი კომპანიის ხსენებისას პოტენციურ მომხმარებლებს ახსენდებათ მთავარი საკვანძო სიტყვები, დაახლოებით ისე, რომ ჩვენ აღქმული ვიყოთ როგორც ძლიერი ბრენდი, ხარისხიანი პროდუქტის ან მომსახურების მქონე კომპანია, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და უამრავი სხვა რამ, რაც გამოგვარჩევს და ჩვენს სიძლიერეზე გაუსვამს ხაზს.

რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? პირველ რიგში დასვით შეკითხვები. ჰკითხეთ თქვენს თანამშრომლებს, კლიენტებს, თუ რას ფიქრობენ, რა შეიძლება იყოს ის საკვანძო სიტყვები და რაც მთავარია მიუდექით მათ არა მარკეტინგულად, არამედ ისე, რომ გულწრფელად გიპასუხონ. კარგად გაანალიზეთ მათი პასუხები, დაფიქრდით, კიდევ რა შეიძლება იყოს და ამოირჩიეთ ყველაზე უფრო შესაფერისი და მომგებიანი სიტყვები. ამის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ ეს ყველაფერი გადაიტანოთ პრაქტიკაში შესაბამისი მარკეტინგული აქტივობებით და სწორი კომუნიკაციით საჭირო მომენტებში.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერს დანერგავთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენ უკვე გარკვეული ადგილი გიჭირავთ პოტენციური მომხმარებლის გონებაში, ასოცირდებით იმ  სიტყვებთან, რაც გსურდათ და, რა თქმა უნდა, ეს დადებითად მოქმედებს თქვენს მოგებაზეც მაშინ, როდესაც კონკურენტების ადგილი მათ გონებაში უბრალოდ აღარ არის.

 

| გააზიარე
მოგწონთ?