რატომ არის კომპანიებში დანერგილი ატესტაციის სისტემები არაეფექტიანი?


როგორც უკვე იცით, კლიენტებთან მუშაობის შედეგად ჩვენ ყოველთვის ვაანალიზებთ იმ სიტუაციას, რაც არის ქართულ კომპანიებში და ვაძლევთ მათ შესაბამის რეკომენდაციებს. დღეს მსურს, გაგიზიაროთ ერთი საინტერესო რეკომენდაცია, რომელსაც შეუძლია მკვეთრად გაზარდოს თქვენი თანამშრომლების მოტივაცია.

პერიოდულად, სხვადასხვა ქართულ კომპანიებში ტარდება ე.წ ატესტაციები. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიის მენეჯმენტი თავის თანამშრომლებს გარკვეული გამოცდების ჩაბარებას სთხოვს პერიოდულობით, რაც ძირითადად წელიწადში ერთხელ ხდება.

მოდით გავაანალიზოთ უფრო დეტალურად რასთან გვაქვს საქმე. იმის გათვალისწინებით, რომ წელიწადში ერთხელ არის ატესტაცია, შესაბამისად თანამშრომლები მხოლოდ წელიწადში ერთხელ კითხულობენ მოცემულ სტანდარტებს, ინსტრუქციებს და ერთი სული აქვთ, როგორმე ჩააბარონ გამოცდა ეფექტურად. ამ დროს, კომპანიები თითქოს ვერ ხვდებიან, რომ თანამშრომლებს მხოლოდ აღნიშნული მიზანი აქვთ, რადგან რეალურად არ აინტერესებთ ტესტირება და თვლიან, რომ ამას კომპანია უბრალოდ აძალებთ. კომპანიას უნდა, რომ თანამშრომლები იყვნენ მუდმივად მომზადებულნი, მაგრამ სინამდვილეში, გუნდის წევრების უკმაყოფილებას იწვევენ.

ამავდროულად, თანამშრომლები აპროტესტებენ ამ მიდგომას, თვლიან, რომ გაცილებით რთულია ამ ყველაფრის სწავლა წელიწადში ერთხელ, ვიდრე პრაქტიკაში განხორციელება. შედეგად კი ვიღებთ, რომ თანამშრომლები ემზადებიან მოსალოდნელი ატესტაციისთვის, ცდილობენ აჩვენონ კომპანიის მენეჯმენტს, რომ ყველანაირად ფორმაში არიან, თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ მოჩვენებითია. კარგად რომ დავაკვირდეთ ამ ყველაფერს,  საქმე გვაქვს თავის მოტყუებასთან. ამ შემთხვევაში ტყუვდებიან თანამშრომლები და კომპანიაც, რადგან ატესტაციის დასრულების შემდეგ ხდება მიღებული ინფორმაციის დავიწყება.

რით არის ეს პრობლემა გამოწვეული? პირველი ის, რომ მოცემული სტანდარტები და ინსტრუქციები არ არის რეალობის შესაბამისი და ასევე, ხშირად ისინი არ არის ასათვისებლად იმდენად მარტივი, რომ თანამშრომლებმა შეძლონ მათი საფუძვლიანად სწავლა და პრაქტიკაში დანერგვა.

რა არის გამოსავალი?

კომპანიებმა მაქსიმალურად უნდა გაამარტივონ პროცედურები და ატესტაციის ნაცვლად დანერგონ ქოუჩინგის სისტემა, რაც მისგან განსხვავებით, გულისხმობს თანამშრომლების მუდმივად ფორმაში ყოფნას. ხოლო თუ როგორ შეიძლება დაინერგოს ქოუჩინგი, ამაზე სხვა სტატიაში გვექნება საუბარი.

დღეს კი მათ, ვინც ფიქრობს, რომ თანამშრომლების მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ატესტაციის სისტემა აქვს დანერგილი ვურჩევ, რომ რაც შეიძლება მალე შეცვალონ ის, რადგან აღნიშნული სქემით მუშაობა მხოლოდ დემოტივაციის მომტანია თანამშრომლებისთვის.

 

| გააზიარე
მოგწონთ?