მარტივი მეთოდი, რომელიც შემოსავლების გაზრდაში დაგეხმარებათ


დღევანდელ სტატიაში მსურს მოგცეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც შეუძლია დადებითად იმოქმედოს თქვენი შემოსავლების გაზრდაზე.

ყველამ ვიცით, რომ შემოსავლების გაზრდა საბოლოო ჯამში დამოკიდებულია შედეგებზე, რომელსაც დებთ და იმ შემთხვევაში თუ თქვენ მუშაობთ ისეთ სამსახურში, რომელშიც არ გაფასებენ შედეგების მიხედვით, თქვენ უნდა ისწავლოთ ისეთი შედეგების დადება, რომლებიც კომპანიისთვის მოგების ზრდასთან იქნება დაკავშირებული და აუცილებლად დაგაფასებენ.

თუმცა მე დღეს მსურს ყურადღება გავამახვილო შემდეგ საკითხზე. სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობისას მათ ხშირად ვეკითხები აზრს თვითგანვითარებასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ იყო შედეგებზე ორიენტირებული, უნდა გახდე მაღალი დონის პროფესიონალი, ამას კი სწორი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცოდნის და გამოცდილების მიღება დიდ დროს მოითხოვს, შემდეგ ის პრაქტიკაში უნდა გამოიყენო და ა.შ. რაც არაეფექტურია. ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ უყურებენ სხვადასხვა ვიდეოებს, კითხულობენ წიგნებს, მაგრამ ეს მაინც არ აძლევთ განსაკუთრებულ შედეგებს.

მე მოგცემთ ზუსტ რჩევას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ პრაქტიკაში. რჩევა შემდეგში მდგომარეობს: როდესაც თქვენ იღებთ რაიმე ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებებით, მოიმარჯვეთ ელექტრონული ჩასანიშნი, რომელიც თქვენს მობილურშია და ჩაიწერეთ ის იდეები, რომლებიც აღმოაჩინეთ კონკრეტული ვიდეოს ყურებისას ან სტატიის წაკითხვისას, თუნდაც მაშინ, როცა ჩემს ვიდეოს უყურებთ, ან სტატიას კითხულობთ. როდესაც იღებთ ინფორმაციას იყავით ფოკუსირებული იდეებზე. მაგალითად, როდესაც გადაშლით წიგნს, დაიწყეთ იდეების ძიება და აღმოაჩინეთ რაც შეიძლება მეტი იდეა, რომელსაც ჩაინიშნავთ, რათა არ დაგავიწყდეთ და საჭირო დროს გაიხსენოთ.

აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტ იდეას მოძებნით და ჩაიწერთ, მით უფრო შეძლებთ მათ გამოყენებას მომავალში. ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, რომ აღმოგიჩენიათ რაიმე იდეა, თუმცა არ გამოგიყენებიათ პრაქტიკაში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ინფორმაციაა და გადატვირთული გრაფიკის პირობებში გვიჭირს ფოკუსირება მათზე.

დღევანდელ გარემოში, როდესაც სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება დავკავდეთ თვითგანვითარებით, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად დავიჭიროთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გარშემოა და ჩვენივე სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

თუ თქვენ არ იქნებით ფოკუსირებული იდეებზე, ამ ყველაფერზე დახარჯული დრო არც ისე პროდუქტიული იქნება, რადგან დიდი ალბათობაა დაგავიწყდეთ.

შესაბამისად, ეძებეთ იდეები ყველგან და ჩაიწერეთ ელექტრონულად, შემდეგ კი პერიოდულად გადახედეთ, რადგან ეს გახდება მოტივატორი, რომ ისინი აუცილებლად გამოიყენოთ.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?