საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა


ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვაკვირდები მათ დამოკიდებულებას და ვფიქრობ, რომ ქართველები, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ იმ შესაძლებლობებს, რაც ქვეყანაში არსებობს. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ჰგონია, რომ საქართველოში არანაირი საქმიანობის დაწყებას აზრი არ აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ არაფერი არ გამოვა ან უკვე ყველაფერი, რისი მეშვეობითაც ფულის გამომუშავება შეიძლებოდა, დაკავებულია და განვითარების არანაირი პოტენციალი არ არსებობს.

ასევე უკმაყოფილებაა ჩვენი ქვეყნის მაღალი გადასახადების გამო, რაც აბსოლუტურად არასწორია. ეს გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით, რადგან, რეალურად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით კი ევროპასთან, რომლისკენაც ასე მივიღწვით, ჩვენთან გადასახადები გაცილებით დაბალია.

როდესაც ვაკვირდები მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს, მახსენდება არა ერთი ისტორია პესიმისტისა და ოპტიმისტის შესახებ. რეალურად განსხვავება ამ ორი კატეგორიის ადამიანებს შორის მათ დამოკიდებულებაშია, რადგან ისინი ერთსა და იმავე საკითხს განსხვავებულად უყურებენ. სწორედ ამიტომ, ამ სტატიის დახმარებით მსურს პესიმისტთა კატეგორიას მივცე რჩევა.

მოდით დავფიქრდეთ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება საქართველოში. ზოგადად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ აქ არაფრის წარმოებას არ აქვს აზრი, ეს უკვე ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვინც თვლის, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ისინი ამას ნამდვილად გააკეთებენ. გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი თავიდანვე დიდი მასშტაბებით დაწყება, მთავარი იდეების მოფიქრება და ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენებაა.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენთან ბევრ დარგში საკმაოდ დაბალი კონკურნეციაა, ეს კი განსხვავებული იდეების განსახორციელებლად ძალიან ხელსაყრელია. მთავარია ამ ყველაფერზე სტანდარტულად არ იფიქროთ და განსხვავებულად შეხედოთ საკითხს. ასევე აუცილებელია, რომ სიახლეების შექმნაზე ფიქრისას მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლოთ და უფრო გლობალურ მასშტაბზე გათვალოთ ეს ყველაფერი, რადგან ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის და ტურისტების რაოდენობა ძლიერი ბიზნესის შექმნისთვის არასაკმარისია. საჭიროა თავიდანვე დაიწყოთ ფიქრი, თუ როგორ გაყიდოთ ეს ყველაფერი მსოფლიოს მასშტაბით და თქვენ ნამდვილად ბევრი შესაძლებლობა გექნებათ.

ასევე საინტერესოა როგორ ჩნდება იდეები. იდეის გაჩენის საუკეთესო საშუალებაა ყოველდღიურობაზე, საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვება და იმაზე დაფიქრებაა, თუ რა არ მოგწონთ და რისი შეცვლა გინდათ. ამიტომ დაფიქრდით, რა გსურთ იყოს განსხვავებული და თქვენ ნახავთ, რომ ის 5 წლის განმავლობაში აუცილებლად შეიცვლება. მთავარი კი ისაა, თუ ვინ შეცვლის მას. ხოლო თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაშინ დროა დაიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ დაიწყოთ ამის გაუმჯობესება.

პირადად ვიცნობ ბევრ ქართველ ბიზნესმენს, რომელმაც ძალიან მცირე შემოსავლებით დაიწყო ბიზნესი, პირველი წლების განმავლობაში საკმაოდ უჭირდა ფინანსურად არსებობა, თუმცა არ ჩაიქნია ხელი მანამ, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწია. სწორედ ბევრი წვალება და შრომა გახდა სასურველი მიზნის მიღწევის საშუალება. მიზნის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად ღირს. ამიტომ გახსოვდეთ, რომ თუ სხვას გამოსდის, თქვენც აუცილებლად გამოგივათ.

| გააზიარე
მოგწონთ?