არასდროს დაუშვათ ეს შეცდომა ბიზნესის მართვის დროს


საქართველოში ბევრი ბიზნესმენია, რომელთაც არ აქვთ მიღებული ბიზნესის ეფექტური მართვისთვის აუცილებელი განათლება და გამოცდილება,  რაც  რეალურად მათ მიერ დაშვებული შეცდომის  მთავარი მიზეზია. თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც აქვთ  კარგი განათლება და  გამოცდილებაც, უმუშავიათ მაღალ თანამდებობაზე, არიან მენეჯერები, თუმცა ამის მიუხედავად უშვებენ გარკვეულ შეცდომებს. რა თქმა უნდა, შეცდომის დაშვებაში ცუდი არაფერია და ეს არის ახალი ცოდნის მიღების ერთ-ერთი  საუკეთესო საშუალება, მაგრამ  ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ აანალიზებ  შენს მიერ დაშვებულ მთავარ შეცდომებს.

დღეს მე მინდა ვისაუბრო ერთ-ერთ  შეცდომაზე, რომელსაც უშვებენ ეს ადამიანები თავისდაუნებურად მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ არ იციან რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ კომპანიის ან/და გუნდის მართვისას.

მენეჯერები, ძალიან ხშირად არიან ფოკუსირებული ხარჯების შემცირებაზე, რადგან იციან, რომ ხარჯების შემცირებით ბუნებრივად  ზრდი შენს შემოსავალს.  ასევე არის შემთხვევები, როცა დაქირავებულ მენეჯერებს სურთ დამფუძნებლებს აჩვენონ, რომ მათ ცვლილებები განახორციელეს და დაზოგეს გარკვეული რაოდენობის თანხა, რამაც შესაძლოა შემდგომში პირდაპირ იმოქმედოს კომპანიის მომგებიანობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის მართვისას გათვალისწინებულ იქნას მთავარი მიდგომა: ხარჯების შემცირება ბუნებრივად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს იმ ხარჯების შემცირება, რომელიც  პირდაპირ დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან. მაგალითად: თუ თქვენ მუშაობთ ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში, რომლის პროდუქციის გასაღებისთვის მნიშვნელოვანია მაცივრები, რადგან პროდუქცია უნდა გაიყიდოს ცივ მდგომარეობაში, მაშინ აუცილებელია, რომ ზაფხულისთვის შეძენილი გქონდეთ შესაბამისი რაოდენობის  სათადარიგო ნაწილები მაცივრების დაზიანებისას დროული შეკეთებისთვის. შესაძლოა მოხდეს ისე, რომ მენეჯერების გარკვეულმა ნაწილმა, ამ შეცდომიდან გამომდინარე, დანაზოგი გააკეთონ ნაწილებზე   და ამით ბუღალტრულად მოგება-ზარალის უწყისში დაფიქსირდეს, რომ წინა წელთან შედარებით მათ გაცილებით დიდი ეკონომია გააკეთეს. თუმცა, რეალურად ეს გაუწეველი ხარჯი გარკვეული პერიოდის შემდეგ,  გავლენას ახდენს შემოსავლებზე, რადგან ცივად გასაყიდი პროდუქცია ზაფხულში  ვეღარ გაიყიდება დაზიანებული მაცივრიდან და  დიდი ალბათობით პროდუქციის გაფუჭებამდეც მიგვიყვანს. ასევე არის მეორე ვარიანტი, რომ  იღებ გადაწყვეტილებას არ შეამცირო ხარჯები და  იყიდო სათადარიგო ნაწილები, თუმცა გადაწყვეტილების მიღება დროულად ვერ ხდება. შესაძლებელია ამ  შემთხვევაში რამდენიმე დღით დაგვიანებული  გადაწყვეტილება  პირდაპირ აღიქმებოდეს, როგორც რამდენიმე კვირიანი დაგვიანება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  სეზონზე, როდესაც  გაყიდვების პიკია, თქვენ არ იქნებით სრულყოფილად მომზადებული.

მესმის, რომ თქვენ  გააკეთეთ დანაზოგი, გასაგებია ისიც, რომ თქვენ ვერ იღებთ გადაწყვეტილებას, რადგან არ გაქვთ შესაბამისი ცოდნა, მაგრამ არვითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ასეთი შეცდომები. ყოველთვის იფიქრეთ შემოსავლებზე,  გაყიდვებსა და  კლიენტთა სურვილებზე. ხშირ შემთხვევაში შესაძლებებელია  დროულად მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოგიწიოთ  მეტის გადახდა, თუმცა გახსოვდეთ, რომ დროულად მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას ყოველთვის უფრო მეტი შემოსავალის მოტანა შეუძლია კომპანიისთვის ვიდრე მცირე დანაზოგს, რაც თავისთავად ზრდის თქვენს  მთლიან სარგებელსაც.
 

| გააზიარე
მოგწონთ?