აუცილებელი ფაქტორი კომპანიის წარმატებისთვის - მუდმივი მართვა


კომპანიის მართვა მუდმივი პროცესია და შესაბამისად საჭიროებს მუდმივ ჩართულობას ხელმძღვანელების მხრიდან სხვადასხვა მიმართულებებში.

სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ბევრი მენეჯერი უშვებს ერთსა და იმავე ტიპის შეცდომას. ისინი იწყებენ გარკვეულ პროექტს თავიანთი დაფინანსებით, შესაბამისი კადრებით და ინფრასტრუქტურით ან ანვითარებენ სხვადასხვა მიმართულებას კომპანიაში. ეს შეიძლება იყოს  გაყიდვების, მენეჯმენტის სისტემა, მარკეტინგული სტრატეგია, სხვადასხვა პროდუქციის შეფუთვა, წარმოება, რეპორტინგი და ა.შ. თუმცა მთავარია აქ ისაა, რომ ისინი ამ დროს უშვებენ ერთ დიდი შეცდომას.

ასეთი მენეჯერები თვლიან, რომ ბიზნესში ერთჯერადად გაკეთებული საქმე არის ერთგვარი ინვესტიცია, რომელიც ძალიან კარგად იმუშავებს მუდმივად მომავალში. ზოგადად, ხშირ შემთხვევაში ქართველებს გვახასიათებს, რომ გვსურს ჩავდოთ ინვესტიციები, გვქონდეს კომერციული ფართი, არ გავაკეთოთ არაფერი და მივიღოთ მაღალი შემოსავლები. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ასეთი სურვილი მხოლოდ სურვილად დარჩება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთჯერადად გაკეთებული საქმე ბიზნესში ძალიან იშვიათად არის ხანგრძლივად კარგად მომუშავე

აქედან გამომდინარე, მსურს დაფიქრდეთ, თუ რა არის რეალურად საჭირო კომპანიის წარმატებისთვის? მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ თითოეულ მიმართულებას კომპანიაში სჭირდება მუდმივი მართვა, რაც ნიშნავს პასუხისმგებელი პირების, საზომი საშუალებების ჩამოყალიბებას და ამ მართვის სისტემის გაშვებას. მაგალითად, თუ ჩვენ გავაკეთებთ მაღაზიის შოურუმს და არ დავუთმობთ მას გარკვეული პერიოდულობით ყურადღებას და არ დავახარჯავთ გარკვეულ თანხებს მის განახლებაზე, ის არანაირ შედეგს არ გამოიღებს.

იგივეა სხვადასხვა მენეჯერულ სისტემებზეც. ხშირ შემთხვევაში ასევე არის პრობლემა, როცა კომპანია ნერგავს სხვადასხვა ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას და რადგან პროგრამა უკვე აქვთ, თვლიან, ყველაფერი თავისით მოგვარდება, სინამდვილეში კი ბიზნესში საჭიროა, რომ ყველაფერი მუდმივი მართვის ქვეშ იყოს.

აუცილებელია გარკვეული სტანდარტების ჩამოყალიბება, თუ რა უნდა გააკეთოს მენეჯერმა, რომ ის, რაზეც პასუხისმგებელია, იყოს სრულფასოვნად გამართული და მუშაობდეს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა იდეალურ შემთხვევაში.

როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი? დაფიქრდით, რაზე ხართ თქვენ პასუხისმგებლები, რა მიმართულებები გაქვთ კომპანიაში, შემდეგ კი განსაზღვრეთ, თუ რისი მიღწევა გსურთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ ფიქრი, რა და როგორ მართოთ. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ მართვა მუდმივი პროცესი უნდა იყოს და თუ მას თავს დაანებებთ, კომპანიაში არცერთი სისტემა არ იმუშავებს სრულყოფილად.

| გააზიარე
მოგწონთ?