სტატია, რომელიც ყველა მანდილოსანმა უნდა წაიკითხოს!


სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ ახალგაზრდებს, გარკვეული ცხოვრებისეული ცვლილებების შემდგომ, ეცვლებათ შეხედულებები კარიერასთან დაკავშირებით. ჩემი დღევანდელი სტატია განსაკუთრებით ეხებათ მანდილოსნებს და ამასთან დაკავშირებით მსურს მოგიყვეთ ერთი ისტორია ჩემი მეგობრის შესახებ.

 

გოგო, რომლის შესახებაც ვსაუბრობ, ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დაოჯახდა და როგორც ხდება ხოლმე, თავდაპირველად, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა მის ცხოვრებაში. შემდეგ შეეძინა 2 შვილი და მთელ თავის დროს უთმობდა მათ აღზრდას. დაახლოებით 7-8 წლის შემდეგ, მისი მეუღლის სურვილიდან გამომდინარე, მათი ოჯახი დაინგრა. მამაკაცი არ აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფდა თავისი ოჯახის მომავალს და გოგონა, რომელიც 28 წლის იყო, აღმოჩნდა ყოველგვარი სამსახურის, შემოსავლებისა და გამოცდილების გარეშე. ხოლო ის, რომ დღეს ეს ოჯახი უზრუნველყოფილია, მხოლოდ და მხოლოდ გოგონას მშობლების დამსახურებაა.

 

ეს არის ცუდი ისტორია, თუმცა კარგი მაგალითი იმისა, რომ ცხოვრებაში არა მხოლოდ ოჯახზე, შვილებზე და მეუღლეზე უნდა იფიქრო, არამედ საკუთარ თავზეც. იმისდა მიუხედავად, თუ რა ბედნიერი და კარგი ოჯახი შეიძლება გქონდეს, არ უნდა თქვა უარი საკუთარ კარიერაზე. როგორც წესი, ნებისმიერ ოჯახში, გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც დგება ისეთი მომენტები, რომ პირადი შემოსავლების ქონა აუცილებელი ხდება.

 

შესაბამისად, მთელი ძალებით იბრძოლეთ იმისათვის, რომ მოძებნოთ სამსახური, აიწყვეთ კარიერა და იზრუნეთ პირად შემოსავლებზე.

 

ვიცი, რომ არ არის მარტივი, თუმცა მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ბავშვების აღზრდის პარალელურად იზრუნოთ თვითგანვითარებაზე. ეს საშუალებას მოგცემთ იყოთ დამოუკიდებლები, უზრუნველყოფილები და არასდროს შეგეშინდებათ მარტო დარჩენის, რადგან თქვენ ყოველთვის შეძლებთ მყარად იდგეთ ფეხზე.

 

საბოლოოდ კი გახსოვდეთ, რომ ოჯახი მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი განათლება, გამოცდილება და უნარი, გამოიმუშაოთ ფული. იმედი მაქვს ეს ისტორია გახდება მოტივატორი იმისა, რომ არადროს თქვათ უარი საკუთარ კარიერულ მიზნებზე.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?