ზოგ ადამიანს ყველაფერი აქვს, მაგრამ...


დღეს მინდა მოგიყვეთ განსხვავებული კატეგორიის ადამიანებზე. ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ფული, სიყვარული, ჰყავთ მეგობრები, მეუღლე, შვილები, დაფასებულნი არიან სხვების მიერ, არ აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, სამსახურში, ერთი შეხედვით, სიტუაციაც სტაბილურია, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ეწყებათ დეპრესია, რადგან უნდათ რაღაც ახალი, სჭირდებათ ცვლილებები. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ცვლილების სურვილი განპირობებულია უმოქმედობით და იმ კომფორტ ზონით, რომელსაც ის უკვე მიეჩვია, მაგრამ ამავდროულად მობეზრდა ერთფეროვანი ცხოვრება.

სიმართლეა, რომ კომფორტ ზონაში ყოფნისას რთულია რაიმეს შეცვლა, რადგან ყველაფერი გაქვთ და ამას შეეჩვიეთ. გაქვთ სტაბილური და მყარი ფინანსური მდგომარეობა იმისათვის, რომ გააკეთოთ რაიმე ახალი, მაგრამ იწყება ყველაზე რთული ეტაპი, რომლის გადალახვა სამწუხაროდ, ძალიან ბევრ წარმატებულ ადამიანს არ შეუძლია. ისინი ვერ იღებენ გადაწყვეტილებას კარიერული თვლასაზრისით, რადგან კომფორტ ზონიდან გამოსვლა რისკების აღება და გარკვეულ ბენეფიტებზე უარის თქმაა, რაც შესაძლოა მომავალში მიგეღოთ. თუმცა გახსოვდეთ კომფორტ ზონის დაძლევა ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ამის გაკეთება რთულია და ყველას არ შეუძლია. მაგრამ რა მოხდება თუ არ დაიწყებთ ამაზე ფიქრს და არ განახორციელებთ ცვლილებებს? ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც დღეს არის...

გახსოვდეთ, რომ თუ არ ვითარდებით, განიცდით დეგრადაციას!

ამიტომ, პირველ რიგში დაიწყეთ ოცნება, შემდეგ ფიქრი იმაზე თუ რა გინდათ რომ შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. რა არის ის რაც გაკავებთ? ეს თქვენი კომფორტ ზონაა? მოიფიქრეთ რომელია ის საქმიანობა, რომლის კეთებაც ყველაზე მეტად გინდათ და გსურთ ამ საქმიანობით მაღალი შედეგების მიღება? ან რომელ სფეროში მუშაობით მიიღებდით სიამოვნებას? მიიღეთ გადაწყვეტილება და როდესაც აღმოაჩენთ თუ რა გინდათ ყველაზე მეტად, დაიწყეთ მუშაობა გეგმის შედგენაზე.

გპირდებით,  სრულფასოვანი გეგმის ჩამოყალიბების შემდეგ გაიზრდება თქვენი თვითრწმენა, რომ თქვენ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ. შემდეგ აუცილებლად გააკეთეთ საქმეების დივერსიფიკაცია. ნუ მიიღებთ მარტივად გადაწყვეტილებას და მაშინვე ნუ წამოხვალთ სამსახურიდან. ერთბაშად ნუ დაძლევთ კომფორტ ზონას, გააკეთეთ ეს ეტაპობრივად. მოამზადეთ ნიადაგი, იმოქმედეთ და ერთ დღესაც აუცილებლად დადგება ის მომენტი, როცა თქვენ შეძლებთ მოიპოვოთ სრული თავისუფლება, რის შემდეგაც მერწმუნეთ, რომ ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო გახდება.

| გააზიარე
მოგწონთ?