როგორ დავიწყოთ წარმატებული ბიზნესი?


დღეს მინდა მოგიყვეთ ერთი საინტერესო დაკვირვების შესახებ: ჩვენ, ქართველები, ძალიან ამბიციურები ვართ, ყველა ვცდილობთ დავიხარჯოთ ბოლომდე და მივაღწიოთ ცხოვრებისეულ მაქსიმუმს, რომელიც საკუთარი ბიზნესის შექმნაა, მაგრამ როგორ იწყებენ  ჩვენი თანამოქალაქეები საკუთარ ბიზნესს? ისინი უშვებენ 5 ძირითად შეცდომას, რის შესახებაც მინდა გესაუბროთ და მათგან თავის არიდების მიზნით, მოგცეთ საჭირო რეკომენდაციები.

პირველი შეცდომა - ყველას აქვს სურვილი ბიზნესის დაწყების, თუმცა ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ ამის შესახებ. იკრიბებიან მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები და იწყებენ სხვადასხვა იდეების განხილვას, ეს ყველაფერი კი სუფრასთან ხდება. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა, რადგან ასეთ გარემოში კონკრეტული იდეის მოძიება და  ჩამოყალიბება რთულია. კარგი იდეების მოფიქრება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოიყენებთ თანამდეროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, მათ შორის გუგლს და ნახავთ საჭირო ინფორმაციას, წაიკითხავთ სხვადასხვა სტატიებს, მოიძიებთ გამოცემებს, მოიპოვებთ ინფორმაციას სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიების შესახებ. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი კარგი ბიზნეს იდეის მოძიება.

მეორე შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ ბიზნესის დაწყების მსურველი ადამიანები შემდეგია - ისინი ბლოკავენ ერთმანეთის იდეებს მიზეზით - ეს არ გამოვა. ეს მიდგომა თავიდანვე კლავს ყველანაირი იდეის განვითარებას. რისკები ყოველთვის მაღალია სტარტაპების შემთხვევაში და ასევე ყოველთვის გამოჩნდება ერთი ადამიანი მაინც, რომელიც გეტყვით, რომ არ გამოვა. ჩემი რჩევაა, გამოეკიდოთ იდეებს და იფიქროთ, რა და როგორ უნდა გაკეთოთ იმისათვის, რომ განვითარდეთ და დაიწყოთ წარატებული ბიზნესი. ნუ უარყოფთ თავიდანვე კარგ იდეებს, რადგან დაბლოკილი იდეა შეიძლება უბრალოდ ხედვის ცვლილებით განხორციელებადი და განვითარებადი გახდეს.

მესამე შეცდომაა სულსწრაფობა. მომავალი პოტენციური ბიზნესმენები ბევრს ფიქრობენ, ეძებენ და შემდეგ იღლებიან ამ ფიქრით, გადადიან სხვა საქმეზე. მათ უნდათ, ძალიან მალე დაიწყონ ბიზნესი, მაგრამ რეალურად მოკლე დროში ამის გაკეთება წარმოუდგენელია, რადგან კარგი ბიზნესის დაწყებას დიდი დრო, ბევრი ფიქრი, შრომა, ანალიზი სჭირდება. თქვენ მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ შესაძლოა, თქვენი იდეა წარუმატებელი აღმოჩნდეს. ამიტომ გქონდეთ წინასწარი მოლოდინი იმისა, რომ დაგჭირდებათ 6-დან 12 თვემდე სერიოზული და თავდაუზოგავი მუშაობა, რომ მიიღოთ რეალურად კარგი ბიზნესი თავისი სწორი გათვლებით.

მეოთხე შეცდომაა იმის აღიარება, რომ ბაზარი უკვე გაჯერებულია და აზრი არ აქვს რაიმეს გაკეთებას. ყველაფერი, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, 5 წელიწადში აბსოლუტურად შეიცვლება. გადახედეთ წარსულს, როგორ იცვლებოდა სხვადასხვა ტენდენციები ადგილობრივ და მსოფლიო ბაზრებზე და გახსოვდეთ, რომ ანალოგიურად გაგრძელდება მომავალშიც. შესაბამისად, თუ ბაზარი უკვე გაჯერებულია, თქვენ შეგიძლიათ გააანალიზოთ არსებული მდგომარეობა, ნახოთ რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად, რა უნდათ კლიენტებს და აქედან გამომდინარე შექმნათ უნიკალური ბიზნესი, რომელიც  განსხვავებული და წარმატების მომტანი იქნება თქვენი გუნდისათვის.

და მეხუთე შეცდომა, რომელიც ახასიათებს ტიპიურ ქართულ სტარტაპებს არის არასწორი კალკულაცია. ისინი აკეთებენ გარკვეულ დაშვებებს, ამბობენ, რომ აქვთ გამზადებული ბიზნეს გეგმა, რომელიც რატომღაც დოკუმენტის მაგივრად მათ გონებაში ინახება. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვერ პასუხობენ სრულყოფილად ინვესტორების შეკითხვებს. ამიტომ თუ აკეთებთ ბიზნეს გეგმას, პირველ რიგში, თქვენ თვითონ უნდა დაუსვათ შეკითხვები საკუთარ თავს ინსვესტორთან შეხვედრისთვის სრულყოფილად მომზადების და გაურკვევლობების თავიდან არიდების მიზნით.

იმისათვის, რომ გააკეთოთ კარგი ბიზნეს გეგმა, ისევ და ისევ გჭირდებათ კომპეტენცია, გამოცდილება და ცოდნა. აქ კი ისევ ვუბრუნდები სწორედ იმ რჩევას, რომელსაც ყველაზე ხშირად ვაძლევ ხოლმე წარმატებაზე ორიენტირებულ ადამიანებს  - იმისათვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას, საუკეთესო ადგილი ინვესტირებისთვის, საკუთარი თავია. შესაბამისად, დაიწყეთ დღევანდელი დღიდან განვითარება, რაც თქვენი კარიერული წინსვლის და წარმატებული ბიზნესის შექმნის ძლიერი წინაპირობაა.

| გააზიარე
მოგწონთ?